საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის 29 წევრი ქვეყანა მიიღებს – სტოლტენბერგი

საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის 29 წევრი ქვეყანა მიიღებს და ამ პროცესს სხვა ვერავინ დაბლოკავს – ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა კანადაში უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა. ნატოს გენერალურ მდივანს დისკუსიის დროს შეკითხვა კონკრეტულად ორი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის შესახებ დაუსვეს.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა წევრობისთვის ორივე ქვეყანამ ორგანიზაციის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას ალიანსი და მისი მოკავშირეები რეფორმების გატარებაში აქტიურად ეხმარებიან და როდესაც ქვეყნები ამ პროცესს დაასრულებენ, მათი გაწევრიანებისა და ნატოს გაფართოვების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

„ნატოს კარი ღიაა. პირველ რიგში, ამის საუკეთესო მტკიცებულება არის ის ფაქტი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსის წევრი ქვეყნების რიცხვი გაორმაგდა. ჩვენ მიმდინარე წელსაც შევიძინეთ ახალი წევრი მონტენეგროს სახით, რომელიც ალიანსს გაზაფხულზე შემოუერთდა. შესაბამისად, უკვე გვყავს 29 წევრი ქვეყანა. ასე რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ იმისათვის, რომ გახდე ნატოს სრულფასოვანი წევრი, უნდა აკმაყოფილებდე სტანდარტებს და გაატარო რეფორმები. როდესაც საქმე საქართველოს და უკრაინას ეხება – ორივე ქვეყანა ახლა რეფორმების პროცესშია იმ მიზნით, რომ მოახდინონ თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, დაამარცხონ კორუფცია და გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ რეფორმების იმპლემენტაციაში ორივე ქვეყანას ნატოც, კანადაც და სხვა მოკავშირეებიც ეხმარებიან. ერთ დღესაც ალიანსის 29 ქვეყანა გადაწყვეტს, მოვიწვევთ თუ არა ამ ქვეყნებს ალიანსში, სხვა არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ან ვეტო დაადოს ამ პროცესს. ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და მხოლოდ ნატო გადაწყვეტს გაფართოვდება ალიანსი თუ არა,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშინაკაწრები და სილურჯეები სახეზე – 3 წლამდე ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი” – იან კელი