საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა

ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. – ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად ინიშნება პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას. შესაბამისად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში, კერძოდ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო – 1814276-მა ამომრჩეველმა, აქედან 51.1%-(927069) ქალია, ხოლო 48.9% (887207) კაცი.

ცესკო-ს სპიკერმა ასევე ისაუბრა საჩივრების შეტანის ვადებსა და განხილვის პროცესზე,.

„დღეს, საღამოს 18:00 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა და მიმდინარეობს მათი განხილვის პროცესი. პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განაკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 539 საჩივარი. ბოლო მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი ბათილად იქნა ცნობილი.

განხილულია ამბროლაურში საოლქო კომისიის მიერ 2 საჩივარი, ბორჯომში საოლქო კომისიამ 4 საჩივარი დააკმაყოფილა და ერთ წევრს დისციპლინარული ზომა შეეფარდა, კასპში განხილული 17 საჩივრიდან 13 დაკმაყოფილებულია და შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, მარნეულში განხილულია 25 საჩივარი. რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში განიხილება საჩივრები. საოლქო-საარჩევნო კომისიის გდაწყვეტილება, შემდგომში შესაძლებელია საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს. ხელახლა დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები ჯერ არ განხილულა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 66 საჩივარია ბათილად ცნობის მოთხოვნით შესული.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : ცესკომ დაკარგა ობიექტური მოთამაშის როლი, რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა ივანიშვილი წყვეტდა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა იღებს მონაწილეობას მეორე ტურში