სამხარაძე – სენატში შეხვედრაზე მკაფიო მხარდაჭერა მივიღეთ, მათ თქვეს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა რეკომენდაციების შესრულება იყო. მათ ვუამბეთ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სენატში მკაფიო მხარდაჭერა მიიღეს.

„სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ფრანგ კოლეგებს აინტერესებდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რა შეიცვალა რუსეთის ქმედებებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში აგრესია დაიწყო. ასევე კითხვები იყო იმის თაობაზე, რა გავლენა ექნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო რეკომენდაციების შესრულება. მათ ვუამბეთ იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს. ვუთხარით, რომ გეგმაშია ივნისის ბოლომდე რეკომენდაციების ბოლომდე შესრულება. ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა ერთ-ერთი სენატორის მხრიდან, რომ მისთვის გულდასაწყვეტი იყო, რომ შარშან საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო. მან თქვა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს და იმედი გამოთქვა, დაშვებული შეცდომა გამოსწორდება. სხვათა შორის, ეს ლაიტმოტივად გასდევდა სენატორების კითხვებს – ისინი ფიქრობდნენ, რომ რეფორმების გატარების თვალსაზრისით, საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი და მათთვის შარშანდელი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო. სენატში ძალიან მკაფიო მხარდაჭერა მივიღეთ. მათ თქვეს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. სხვათა შორის, ვისაუბრეთ ფრანკოფონიის გენერალური ასამბლეის გამართვაზე, რომელიც ივლისში იქნება საქართველოში. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველო-საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, მაგრამ ასევე საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხების მთლიანად ფრანკოფონიის სამყაროში გასავრცელებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიალაძე – 2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება, ეს არის რეალობა
შემდეგი სტატიამაია ბითაძე – ყველას გვახსოვს დრო, როცა თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა ნაწამები პატიმარი, მაშინ არ გვახსოვს დიდი შეშფოთება პარტნიორებისგან საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე