სამადაშვილი – მადლობა საქართველოს ასი ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც დაუმტკიცეს ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხის კუთვნილი ადგილი ევროპაშია

უღრმესი მადლობა საქართველოს ასი ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ თბილისის, ასევე სხვა ქალაქების ქუჩებში და ევროკავშირს დაუმტკიცეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ქართველი ხალხის კუთვნილი ადგილი სწორედ ევროპაშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ადგილზე შეშინებული იქნებოდა, რადგან ქართველმა ხალხმა გუშინ თავისი სიტყვა თქვა.

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა კიდევ მეტი იქნება.

„ამავე დროს 100 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ მათ ეკუთვნით, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს და ისინი არ აპირებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მიითვისოს, სანაგვეზე გადააგდოს რუსმა ოლიგარქმა. ხელისუფლების ადგილზე დღეს ძალიან შეშინებული ვიქნებოდი, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ცდილობდნენ, დისკრედიტაცია გაეწიათ ამ შეკრებისთვის. ჩვენ ვნახავთ მეტ ადამიანს თბილისის ქუჩებში. საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების ბრძოლა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც წინ ეღობება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩამოშორდება და აღარ შექმნის წინააღმდეგობას ქართველი ხალხის ისტორიული ნების აღსრულებისთვის, რაც არის ჩვენი არჩევანი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი – მანანა დევაძე

banner
წინა სტატიაშიბერძენიშვილი – საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ
შემდეგი სტატიახვიჩია – ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა, ამ ნების დასანახად არც ოპოზიციაა მზად, რადგან იმის ართქმა, რას აპირებ და ამბობ, მოდი, 24 ივნისს გეტყვიო, პირველი ნაბიჯია სისუსტისკენ