სალომე ზურაბიშვილი : საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ზოგადად, ევროკავშირის ქომაგი

საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთოდ ევროკავშირისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„ეს კონფერენცია იძენს სრულიად ახალ მნიშვნელობას, რადგან საკმაოდ მაღალი დონისა და წარმომადგენლობითია. ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, შემობრუნების მომენტი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. დადგა დრო, რომ ახალი კურსი დავიწყოთ ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს პარტნიორობაში. მინდა, მოგესალმოთ, პირველ რიგში, არა როგორც პრეზიდენტი პროევროპული, არამედ ევროპული ერისა. ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია გამოკვეთილად ევროპული გახლავთ. იგივე მედეას მითი დაიბადა აქ. აგრეთვე, საქართველო გახლავთ ღვინის სამშობლო. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ადამიანის უფლებების დამკვიდრებაში, ჩვენ გვყავდა ქალი მეფე მე-12 საუკუნეში და ძალიან ბუნებრივია, რომ ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს, ეს ტრადიცია გრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ღირებულებები და კულტურა არსობრივად ევროპულია.

„ჩვენი პოლიტიკაც ევროპული გახლავთ. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანსა და ამოცანას და ადამიანებისა ეს რაოდენობა არ შეცვლილა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა, ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთოდ ევროკავშირისა. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იზიარებს და ხელს უწყობს ევროკავშირისაკენ სვლასა და ევროკავშირის წევრობას. ამისათვის კი არაერთი ნაბიჯი გადაიდგა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, 90-იანი წლების შემდეგ საქართველომ გაიარა თავისი ისტორიის უამრავი რთული ეპიზოდი.

„70-წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გავიარეთ უამრავი, ასე ვთქვათ, შიდა თუ გარე ომები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვიტავს დემოკრატიისაკენ თანდათანობით სვლა, თუნდაც ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდების განმავლობაში. ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ ევრო ოჯახში გაწევრიანების იდეას. ამ პერიოდში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თქვენი და რა თქმა უნდა, ევროპის დახმარებით და ჩვენ მადლიერნი ვართ ამისთვის. ჩვენ გავხდით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ამით ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირებს მივაღწიეთ ევროპასთან, როგორც ეკონომიკაში, ასევე ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან კავშირების გამყარების პროცესი გრძელდება.

„ჩვენი ეკონომიკური კავშირები გაიზარდა და წლიდან წლამდე იზრდება ევროკავშირთან და გავხდით პარტნიორები, ისევე როგორც რუსეთისა და თურქეთის პარტნიორები. ეს პროცესი ჩვენი კავშირების გაძლიერებისა ევროპასთან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც ჩვენს ხალხს, მთელს ჩვენს ეკონომიკას და გახდის საქართველოს გაცილებით უფრო დემოკრატიულს და გაცილებით უფრო აყვავებულ ქვეყანად ქვეყანად აქცევს. თავად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფაქტი, იგივე ახალი კონსტიტუციის დამტკიცება, ფაქტობრივად, ყველანაირად ვუწყობთ ხელს იმას, რომ ერთი ადამიანის მმართველობას ბოლო მოეღოს ჩვენს ქვეყანაში. მედიაპლურალიზმი, კანონის უზენაესობის გაძლიერება, ბიზნესის მხარდაჭერა, აი, ეს გახლავთ ჩვენი ძალისხმევის ძირითადი ასპექტები. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღვასრულოთ საქართველოს მოსახლეობის ნება და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ გზაზე, რომელზეც უკვე ვდგავართ და რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ჰქვია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : 300 წლის შემდეგ ისტორია ისევ მეორდება, საქართველო კვლავ ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატია„სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს!“ – კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ოპოზიციის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს