სალომე სამადაშვილი – მტერი არის მომდგარი კარზე და უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება

„რუსეთის ჯარი, მრავალკილომეტრიანი კოლონით მიდის უკრაინის დედაქალაქზე, პრეზიდენტ ზელენკსის მოსაკლავად და უკრაინის ხელისუფლების ლიკვიდაციისთვის, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებისთვის, საქართველოს პარლამენტში იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე, რომ თუ დაეცემა კიევი და დაეცემა უკრაინა, ეს ნიშნავს, რომ დასრულდება ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არათუ ეხმარება უკრაინის მთავრობას, არამედ ხელს უშლის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ უკრაინელი ხალხის დახმარებას.

„რამდენი დროშაც არ უნდა დაიჭიროთ აქ და შეეცადოთ, რომ მაღლა აწიოთ, სიმართლე არის ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც ელოდება რუსულ ჯარს კიევში და არ იცის ცოცხალი რამდენ ხანს დარჩება, მან აუცილებლად ჩათვალა ეთქვა, რომ ქართველი ხალხი უჭერს მხარს უკრაინას დღეს და თქვენი ხელისუფლება კი არცხვენს ქართველ ხალხს. რამდენიც არ უნდა იყვიროთ და რამდენი ყაველაშვილი კლოუნი მოიყვანოთ, ჯამბაზი და რამდენი უწმაწური სიტყვაც არ უნდა იძახოთ მიკროფონში მაინც გეტყვით, თქვენ ქართველი ხალხისთვის ერთ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ – აპირებთ თუ არა ბრძოლას ამ ქვეყნისთვის?! აპირებთ თუ არა ამ სახელმწიფოს დაცვას?! იმიტომ, რომ მტერი არის მომდგარი კარზე და უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება. ამ პარლამენტის თავზე იფრიალებს რუსული დროშა. მე მაინტერესებს გამოვა თუ არა საქართველოს პრემიერ მინისტრი და იტყვის იმ სიტყვებს რაც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დაწყებამდე, რომ ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ვიომებთ ჩვენი მიწის ყოველი გოჯისთვის. მაინტერესებს ეს არის თუ არა თქვენი პოზიცია, აქ მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა. აპირებთ თუ არა ამ სახელმწიფოს დაცვას. თქვენ ერთ დღეს მოგიწევთ ოპოზიციაში გადმოსვლა იმიტომ რომ თქვენს ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრს ჩაბარებული აქვს უკვე ეს ქვეყანა და ელოდება კიევის დაცემას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ ,კორუფციის პრევენციისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ორი პროექტის განხორციელება დაიწყო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციას: მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ ამ ქვეყანას