სალომე სამადაშვილი – ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა, ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებში

პროექტი, რომელიც წარდგენილია, არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან ეს ნიშნავს ფაქტობრივად პირობითობის ცნების შემოტანას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომაგენელმა, სალომე სამადაშვილმა სენატორ ჯიმ რიშის საკანონმდებლო შესწორებაზე.

„ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს იმ მოლოდინს, რაც უკავშირდება დემოკრატიულ სტანდარტებს ქვეყანაში, საფრთხის წინაშე დგება ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება ტერმინ პოლიტპატიმრის გამოყენებას, ეს ტერმინი უკვე რომ გამოყენებულიყო საკანონმდებლო შესწორების მსგავს პროექტში, ეს ნიშნავდა იმას, რომ დღესვე უნდა შემწყდარიყო ყველანაირი დაფინანსება და თანამშრომლობა საქართველოსთან. ამიტომ, ეს არის მეგობრული გაფრთხილება, შეიძლება ითქვას და დღეს ბურთი არის საქართველოს ხელისუფლების მოედანზე, მათ ხელში არის ბერკეტები, მათ შეუძლიათ, გადადგან სწორი ნაბიჯები და ეს პროექტი არ იქცეს საკანონმდებლო აქტად, შეუძლიათ, პირიქით სხვა მიმართულებით წავიდნენ და მაშინ ალბათ ისიც მოსალოდნელია, რომ უფრო გამკაცრდეს ამ პროექტის ენა, ეს მხოლოდ პროექტია, ორივე მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რიშის ინიციატივის შემდეგ, ხელისუფლებამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს, რაც ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას და მისი ფართო კონსენსუსით მიღებას უზრუნველყოფს.

„ჩემი აზრით, ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებში, მაგრამ კიდევ ერთხელ, ბერკეტები არის დღეს ხელისუფლების ხელში“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიNew York Times: საქართველო იმ ქვეყნების საბოლოო სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის
შემდეგი სტატიაახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა