New York Times: საქართველო იმ ქვეყნების საბოლოო სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2020 15:22

New York Times: საქართველო იმ ქვეყნების საბოლოო სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის

New York Times-ის ცნობით, ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატებმა შეადგინეს იმ ქვეყნების სია, ვისაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან უხსნის საზღვარს. სია თვრამეტი ქვეყნისგან შედგება და მათ შორის საქართველოცაა. გამოცემის თანახმად, სიას ერთხმად დამტკიცება არ დასჭირდება და მას მხარს უჭერს ევროკავშირის ელჩების უმეტესობა. სიას თანხმობა დასჭირდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგანაც.

ამასთან, სიას სამართლებრივი ძალა არ ექნება და უფრო მეტად რეკომენდაციის სახეს მიიღებს. გარდა ამისა, სია ყოველ ორ კვირაში განახლდება. New York Times წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამინდელ სიაში ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ევროკავშირის წარმომადგენლები მათ ანონიმურად ელაპარაკნენ და სია ოფიციალურად მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მოროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, თუნისი, ურუგვაი, ანდორა, სან მარინო, მონაკო, ვატიკანი.

სიაში ჩინეთი იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ თავადაც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს. Times-ის ცნობით, საზღვრის საპასუხოდ გახსნა ერთ-ერთი კრიტერიუმია იმისათვის, რომ ევროკავშირმა სხვებს გაუხსნას საზღვარი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2020 15:22