”სადაც წვრილია იქ გაწყდეს”-არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად არკურთხევის შესახებ

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს სათაურით ,,არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად არკურთხევის შესახებ” აქვეყნებს,რომელშიც მისი თქმით, იმ ამბის რეალურ შინაარს ჰყვება , რომლის მოესმენსაც, სატელევიზიო გადაცემის საშუალებით ელოდებოდა. თეოლოგის თქმით , ამბის მოყოლა,რომელსაც პოსტში ჰყვება, ვერავინ გაბედა. “თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის ეპისკოპოსად არკურთხევის შესახებ
დაგპირდით ამ ამბის რეალურ შინაარს დავწერ მეთქი, ველოდებოდი სატელევიზიო გადაცემას, სადაც იმედი მქონდა, რომ მას გაბედავდნენ და იტყოდნენ,ასე არ (ვერ) მოხდა, ხოდა ”სადაც წვრილია იქ გაწყდეს.”

ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა, 2014 წლის 3 ივნისს მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო კახისა და ქურმუხის ეპარქია, რომელსაც უხელმძღვანელებდა არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი. რატომ იყო ეს განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი? მოკლედ, მოგეხსენებათ კახისა და ქურმუხის ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ, ამ პერიოდისთვის კი რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის აქაც) განთავსებული მართლმადიდებლური ტაძრები საკუთარ ”იურისდიქციაში” მიეღო, ანუ იქ მცხოვრები ”მართლმადიდებლები” ევქარისტიის გარდა საკუთარი იდეოლოგიით გამოეკვება.

ბევრისგან განსხვავებით, მეზობელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები მიხვდნენ თუ როგორი სერიოზული ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ ფაქტს მათი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის, ამიტომ აქეთ გვთხოვეს, რომ ეგებ ამგვარი ეპარქია შექმნათ, რაც საჭიროა დაგეხმარებითო, სხვა თუ არაფერი, ალტერნატივა მაინც იქნება, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანის გარდა სხვა, ქრისტიანული სწავლებაც არსებობდეს ჩვენი მოქალაქეებისთვისო. ნუ კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება ”თუ რატომ”, მაგრამ მგონია რომ უჩემოდაც მიხვდებით. ასე და ამგვარად საჭირო გახდა ისეთი ეპისკოპოსის გამორჩევა,რომელიც იქ ცხოვრობდა, ავტორიტეტით სარგებლობდა და გაბედავდა, რომ უშიშრად შეწინააღმდეგებოდა კრემლის უშიშროების მანქანას. ასეთი მამა დემეტრე აღმოჩნდა. ჩვენმა წმინდა სინოდმაც არ დააყოვნა და დაადგინა ამ ეპარქიის შექმნისა და იქ მამა დემეტრეს მივლენის შესახებ. ეს გაიგეს მოსკოვში! პასუხი უნდა ყოფილიყო სამაგალითოდ დასჯა მამა დემეტრესი და სამუდამოდ დავიწყება აზრბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ქართველი მღვდელთმთავრისა და ეპარქიის არსებობისა. შეიძლება არც იცით, რომ რუსულ უშიშროებას სპეციალური კრიტერიუმები აქვს თუ როგორ უნდა მოახერხოს ცალკეული სასულიერო პირის დისკრედიტაცია მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. მამა დემეტრე არის მოწესრიგებული, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, არასოდეს არავის ჰქონია საფუძველი მისთვის მრუშობაში ბრალი დაედო და.ა.შ. ასეთ შემთხვევებში კრიტერიუმები შემდეგნაირია. თავს უვლის? მშვიდია? არ იგინება? “ქალებში არ დადის”? ე.ი. მამათმავალია. კი მაგრამ ვისთან მამათმავლობს? საქართველოში ამის დამადასტურებელი ფაქტი ხომ არ არსებობს? ეს რა პრობლემაა მათთვის, მამა დემეტრე ამ უმსგავსობას სჩადის რუს ადამიანთან, რომელიც ბაქოში ცხოვრობს.:) ახლა რა ხდება? რა და რომელიმე ჟურნალისტმა წინასწარდაწერილი სცენარით ეს უნდა ”გაავრცელოს”, ასეთიც შერჩეულია.

შემდეგ? გამოჩნდებიან ”ზილოტი ჯგუფები”, რომლებსაც შემთხვევით ”ხელში ჩაუვარდებათ” ეს მასალები, მისცემენ ჩვენი სინოდის წევრებს და ეტყვიან, რომ ეს კაცი არ უნდა იკურთხოს. იგი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ არავინ არასდროს გაბედოს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ეპარქიის შექმნა და იქ ქართველი ეპისკოპოსის მივლენა, რადგან იქ მცხოვრები მართლმადიდებლები მხოლოდ ”კრემლის იდეოლოგიით” უნდა იკვებონ. ჩვენ რას ვაკეთებთ? იმის მაგივრად რომ დავიცვათ სახელმწიფოებრივი საკითხი (აღარაფერს ვამბობ თეოლოგიურ-კანონიკურზე,რომ არ შეიძლება გამორჩეული ეპისკოპოსის არკურთხევა და.ა.შ.), ვქმნით ე.წ. კომისიას, რომელიც როგორც შემდეგ გავიგეთ საერთოდ არ შეკრებილა და უფრო მეტი, კომისიის ხელმძღვანელმა საერთოდ არ იცის ვინაა მამა დემეტრე!!!

ანუ რა ხდება, თუ მამა დემეტრეს მამათმავლობის დამადასტურებელი ფაქტები არსებობდა, მაშინ მღვდლობიდანაც უნდა განეკვეთათ და თუ არ განკვეთავდნენ, ე.ი. სუფთაა და წმ. სინოდის განჩინება უნდა აღსრულებულიყო. მაგრამ არა, გგონიათ ამით გაჩერდა რუსეთი? არა ბატონო, ჩვენი ხელით ბოლომდე ხომ უნდა გაგვასწოროს მიწასთან, ხოდა ასეთი ფაქტი მივიღეთ, საქართველოში თუ მამათმავალი ხარ ეპისკოპოსი ვერ გახდები, მაგრამ შეგიძლია იყო ორჯვრიანი არქიმანდრიტი და თვით პატრიარქიც კი გაჯილდოებდეს. ასე იყო მამა დემეტრეს ამბავი, ასე შეეწირა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას მისი სტატუსი და ასე გადავიდა აზერბაიჯანში არსებული ყველა მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში”-წერს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი

banner
წინა სტატიაშიჩაკეტილ ახალგორს ერთი დღით გახსნიან
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუს შეხვდა