სააპელაციო სასამართლომ ოთხი პარტიის სარჩელები არ დააკმაყოფილა

საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული სარჩელები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები. მისივე განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობს, რადგან ისინი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

როგორც კახიძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარ განჭვრიტა, თუ რას იზამდა თბილისის საქალაქო სასამართლო და შემდგომ სააპელაციო სასამართლო. კომისიის წევრები სხდომაზე ცინიკურად ამბობდნენ, რომ აი, წაიღეთ სასამართლოში და ნახეთ, რა იქნება, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ შედეგი. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ და მოქალაქეთა არჩევანს შემაჯამებელ ოქმში უნდა ასახავდნენ, რომლებიც საარჩევნო კოდექსის თანახმად განიხილავდნენ დავებს, ამის ნაცვლად პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისგან არიან დაკავებულები. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენთან პოლიტიკურ მითითებებს ემორჩილებიან და ეს მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ, თუ გვინდა, რომ გვქონდეს ნორმალური სახელმწიფო. შესაბამისად, დავის ასეთი დასრულება „ევროპული საქართველოსთვის“ სიურპრიზი არ ყოფილა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა გავიარეთ და ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში მივმართავთ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი საჩივარი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, მარი ცუცქირიძემ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მოსარჩელის სარჩელი. სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამით სასამართლომ მოახდინა თვითონ სასამართლოს დისკრედიტაცია. მთავარი არგუმენტი აქ იყო, რომ ცესკო-მ ისე შეაჯამა და გამოიყვანა შემაჯამებელი ოქმი, რომ არ დაელოდა არაერთ გასაჩივრებულ საოლქო შემაჯამებელ ოქმს. ვფიქრობ, რომ სასამართლო თავის თავს მაინც გაუფრთხილდებოდა. ჩვენ, „ლეიბორისტული პარტია“ აუცილებლად ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა სასამართლოში გავასაჩივრებთ და ყველა იმ ვიდეო და აუდიო მასალას, რომელიც გაყალბებას შეეხება, აუცილებად წარვუდგენთ ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა, მარი ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი – მაიკ პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს მხარდაჭერის დადასტურებას, რაც საქართველოს ახლა სჭირდება
შემდეგი სტატიასააპელაციომ ყველა პარტიის საჩივარი გააერთიანა და განხილვის გარეშე გვითხრა უარი – დავით ბაქრაძე