“რუსთავი2”-ის საქმე – ლევან მურუსიძე და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ

მოსამართლეები რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებენ.

სააპელაციო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დიდ პალატაზე ზეწოლას გამორიცხავენ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ლევან მურუსიძე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს და ბრალდებების ავტორებს წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს.

„თავად სამმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა. მე ისიც განვაცხადე, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ ჩინჩალაძე რაიმე ზეგავლენას ახდენდა იყო ცილისწამება. სრული დარწმუნებით მინდა გიპასუხოთ, რომ არანაირი ურთიერთობა თვეების განმავლობაში მიხეილ ჩინჩალაძეს არ ჰქონია იმ სამ მოსამართლესთან, რომელიც იხილავდა საქმეს და თუ თქვენ გყავთ თქვენი წყაროები კიდევ ერთხელ იქნებ გადაამოწმოთ და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, ეს ისეთი აბსურდული თემაა, როგორც თქვენ რომ დაგაბრალონ ზეწოლის მოხდენა. ვინაიდან არ იცნობს, არავითარი კონტაქტი არ აქვს, შესაბამისად არ აქვს ის კონტაქტი, ის ძალა, კომპეტენცია გავლენა, რომ რაიმე ზეგავლენა მასზე მოახდინოს,“-განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ წევრი. ლევან თევზაძე ამბობს, რომ ფაქტით უმაღლესი საბჭო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაინტერესდება.

„აბსოლუტურად გამოვრიცხავ მოსამართლეებზე ვინმეს მხრიდან ვინმეს ზეწოლას. ყველა მოსამართლე არის ინდივიდუალურად დამოუკიდებელი, არანაირ ზეწოლას არც ვინმეს მხრიდან ადგილი არ აქვს, როცა საუბარია ზეწოლებზე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები,“-აცხადებს ლევან თევზაძე.

უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მეირ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მიზეზი უცნობია მერაბ გაბინაშვილისთვის. უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საფუძველი დიდ პალატაზე საქმის გადაცემის მას ეცოდინება მას შემდეგ, რაც შესაძლებელი იქნება განჩინების გაცნობა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : მთავრობას აქვს გეგმა,რომელიც დაასტაბილურებს ლარს და მოსახლეობა იგრძნობს შვებას
შემდეგი სტატია“ეს არ იყო განცხადება, ეს იყო დასმულ კითხვაზე პასუხი”-ეკა ბესელია “რ2”-თან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრობს