რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიასა და ექსპერტების სტუმრობაზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგერეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა 22 ნოემბერს ტრადიციულ ბრიფინგზე ისევ შეეხო ლუგარის ლაბორატორიის თემას.

“ყურადღება მივაქციეთ 14-15 ნოემბერს დაანონსებულ შეხვედრას, საერთაშორისო ექსპერტების გაურკვეველი ჯგუფის ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში სტუმრობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დ. სერგეენკომ ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანია “დაადასტურონ ის, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით – გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობა”.

ასეც მოხდა. ქართული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტებმა, თითქოს არაორაზროვნად დაადასტურეს ცენტრის მშვიდობიანი და ტრანსპარენტული ხასიათი” – თქვა ზახაროვამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ “აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ეს ოპტიმისტური დასკვნებია გაკეთებული – თვითონ ლუგარის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებაა. განცხადებაისთვის ხელი არავის აქვს მოწერილი, მასში არ წერია უცხოელი ექსპერტების სახელები, არ დასახელებულა ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ამ ე.წ. დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ცენტრის ყველა თანამშრომელმა ამ უსახელო ექსპერტებს დაუდასტურეს თავიანთი სამსახურის მშვიდობიანი ხასიათი. ეტყობა, ამის შემდეგ “სტუმრებმა” ზედმეტად ჩათვალეს დაინტერესებულიყვნენ, “მშვიდობიანი ქართული სამედიცინო დაწესებულების” სახელით რატომ მუშაობს აშშ-ს სამხედრო ძალების სამედიცინო კვლევითი სამმართველო, და რა კვლენები ტარდება იქ” – თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ თბილისისა და ვაშინგტონისგან ისევ ელოდება განმართებებს ცენტრის შესახებ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ირგვლივ აჟიოტაჟი საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის, ამჟამად რუსეთში მცხოვრები იგორ გიორგაძის განცხადების შემდეგ ატყდა. გიორგაძე ირწმუნება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და სხვადასხვა სახის დაავადებებს ავრცელებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 17 ნოემბერს მსოფლიოს 17 ქვეყნის 23 დელეგატი სტუმრობდა. კერძოდ, ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების ექსპერტებმა და ხელმძღვანელებმა ავსტრიადან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, ერაყიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, კამერუნიდან, კოლუმბიადან, მალაიზიიდან, მალიდან, მიანმარიდან, მონტენეგროდან, ყაზახეთიდან, ჩილედან და უგანდადან.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: დედა მაშინ უნდა დაგეცვა, ბიძინესთან რომ საქმე დაიჭირა
შემდეგი სტატიარუსეთი თურქ მეთევზეებს შავი ზღვის მარაგის გაუფრთხილებლობაში სდებს ბრალს