რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ის ბლოკავს უკრაინის პორტებს – ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის ნაკლებობაზე, რადგან ის ბლოკავს უკრაინის პორტებს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესა, რათა დაარტყას რუსეთის უნარს, გააგრძელოს ომი, რადგან აგრესიული ომები მიუღებელია.

მისი თქმით, შემაკავებელი ზომები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მათ ტრანსპორტირებას და შესაბამისად ხორბალი სანქციებს არ ექვემდებარება.

„უკრაინის პორტების მუდმივი რუსული ბლოკადა შეუძლებელს ხდის ტონობით მარცვლეულის, კერძოდ, სიმინდისა და ხორბლის ექსპორტს, რომლებიც ახლა ბლოკირებულია უკრაინაში – მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელში. რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე საერთაშორისო ვაჭრობაში და აგრესიის შეჩერების ნაცვლად, ის აქტიურად ცდილობს, პასუხისმგებლობის საერთაშორისო სანქციებზე გადატანას. ეს არის დეზინფორმაცია“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამავდროულად, როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს სრულ სოლიდარობას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგების დასაძლევად.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ“, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის რეგიონში, რუსებმა 43 ეკლესია დაანგრიეს – კირილენკო
შემდეგი სტატიაზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს, რომ რუსეთი “არ დავამციროთ”, ამავდროულად, ჩვენ გვბომბავენ – ერმაკი