რომან გოცირიძე – ვითარება არასტაბილურია, მთავრობა თუ არ შეკვეცავს ბიუჯეტს, შემოდგომაც მოვა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის გამყარების 8 მიზეზს ასახელებს. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, ის ფაქტორი, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. “ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო (2.39-დან 2.50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია”, – აცხადებს გოცირიძე.

ამასთან, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე ლარის გამყარების 8 მიზეზს ასახელებს:

1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება
2. ბიუჯეტიდან მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება( გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)
3. იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება( იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით)
4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა(იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით),
5. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
6. და ყველაზე მთავარი, დღევანდელი მკვეთრი გამყარების მიზეზი: დღეს დღგ-ს გადასახადის გადახდის ბოლო დღეა და მასობრივად ხდება დოლარების გაყიდვა ვალდებულებების დასაფარავად. მარტში ხდება წლიური მოგების გადასახადების მეოთხედის გადახდაც და საწარმოები ცდილობენ ახლავე იყიდონ ლარები, გამომდინარე დოლარის გაუფასურების ფაქტიდან.
7. გარკვეულ როლს აჟიოტაჟიც თამაშობს. ზოგი იცილებს დოლარს შემდეგი გაუფასურების შიშით.
8. დაბოლოს, დათბა. ნაკლები ვალუტა გადის გაზისა და სხვა “საზამთრო” საქონლის შესაძენად.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეს ვითარება არ არის სტაბილური.

“ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს, ყველაფერი მთავრობის ხელშია. შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, ნაკლები ზეწოლა იქნება, არ შეკვეცავს, მაშინ შემოდგომაც მოვა”, – აცხადებს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება
შემდეგი სტატიაარც ერთ ეტაპზე, არასდროს ლუკავას გამოშვებაზე აფხაზების მხრიდან თანხმობა არ ყოფილა