რინკევიჩი – იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის, მკაფიოა – ჩვენ გავცდით იმ სიტუაციას, როცა დაპირებები ან სლოგანები საკმარისია

ვფიქრობ, რომ იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის მანამ, ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ძალიან მკაფიოა. ჩვენ გავცდით იმ სიტუაციას, როცა დაპირებები ან სლოგანები საკმარისია, ყველას სურს რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – მაშინ, როცა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება, ისტორიულად ნეიტრალური ქვეყნები სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს უერთდებიან, საქართველოს 20% კი რუსეთის მიერაა ოკუპირებული როგორ იცვლება საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკები და რა დახმარება შეიძლება მას სჭირდებოდეს ნატოსგან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს მთავრობას უკეთ ესმის.

მისი შეფასებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ძალიან ნათელია – ესაა რუსების შემოსვლა ქვეყანაში, რაც შესაძლოა სამხედრო რისკი არ არის, თუმცა დანამდვილებით არასდროს ვიცით.

„მე ამგვარ შეკითხვებს ხშირად მისვამენ და მესმის, რატომაც. მაგრამ არ შემიძლია ვუპასუხო ქართველ, უკრაინელ თუ მოლდოველ ჟურნალისტებს იმაზე, რაც ვერ მეცოდინება. მთავრობა, რომელსაც მართლაც ესმის რა დახმარება სჭირდება ნატოსგან ან ევროკავშირისგან, ეს საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვის მთავრობაა.

დიახ, არსებობს გარკვეული პრობლემები და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში ისინი [მოკავშირეები] ვერ თანხმდებიან [საქართველოსთვის] წევრობის სამოქმედო გეგმაზე – MAP-ზე, რადგან ალიანსში ამის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. საქართველოსთვის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იყო შემუშავებული, რომ ვფიქრობ ბევრი შესაძლებლობაა იმისა, რომ ამ შემოთავაზებებიდან ყველაზე მისაღები აირჩიოთ.

როცა საუბარია ევროკავშირზე, თქვენ იცით, რომ არის განსხვავება: მოლდოვა და უკრაინა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვფიქრობ, რომ იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ძალიან მკაფიოა. ჩვენ გავცდით იმ სიტუაციას, როცა დაპირებები ან სლოგანები საკმარისია, ყველას სურს რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა.

მე გაეროს ასამბლეის ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრს და მოკლედ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრსაც და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ რეფორმებს, ამ ცვლილებებს, დავეხმაროთ უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენია: რა გსურთ. რამდენად სწრაფად გსურთ ეს და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიიღოთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

banner
წინა სტატიაშიხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან 8 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ – უკრაინა
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა