რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროკავშირისთვის საქართველოსა და აღმოსავლეთის სამეზობლოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა

15-17 იანვარს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა დებატები და კენჭი ეყარა ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშებს ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) შესახებ.

ანგარიშის ავტორია ევროპარლამენტარი საფრანგეთიდან, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის (SEDE) თავმჯდომარე, ნატალი ლუაზო (Renew Europe) და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის (CFSP) თაობაზე (ანგარიშის ავტორია ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

უნდა აღინიშნოს, რომ, წინა ანგარიშებთან შედარებით, 2021 რეზოლუციები მხარდაჭერის საკმაოდ მკაფიო და თამამ გზავნილებს/მოწოდებებს შეიცავს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული განსაკუთრებულად მძიმე ვითარებითაცაა გამოწვეული. ასევე საგულისხმოა, რომ ორივე დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საოკუპაციო რეჟიმების ქმედებებთან დაკავშრებით და, ზოგადად, რუსეთის მისამართით ევროკავშირის მოწოდებების კუთხით მნიშვნელოვანი ახალი ელემენტები დაემატა.

ორივე რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროკავშირისთვის საქართველოსა და აღმოსავლეთის სამეზობლოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ევროპარლამენტარები კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. რეზოლუციებში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.

ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შესახებ რეზოლუცია კატეგორიულად გმობს რუსეთის არალეგიტიმურ მოთხოვნას შეაჩეროს ნატოს შემდგომი გაფართოება და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა „გავლენის სფეროების“ მოძველებული იდეის შესაბამისად; აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თითოეული დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალია ალიანსების არჩევაში და ამ მხრივ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის, ნატოში და ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას;

რეზოლუციები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს რუსეთს მომავალშიც მოსთხოვოს, რათა ის კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან; რეზოლუციებში ასევე დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების ფაქტები და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო ქმედებები „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ;

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ CSFP-ის რეზოლუციაში ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და მოუწოდებს ევროკავშირს, ასევე მის წევრ ქვეყნებს, რათა მათი მხრიდანაც გადაიდგას მსგავსი ნაბიჯი რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის. CFSP რეზოლუცია გმობს რუსეთის და სხვა გარე აქტორების პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულობას შეიარაღებულ კონფლიქტებში, აგრეთვე ჰიბრიდულ თავდასხმებს, ოკუპაციას და სამხედრო ფორმირებას რეგიონის შიგნით ან მის საზღვრებთან; მხარს უჭერს ევროკავშირსა და აღპ-ს ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, მიესალმება სამი ასოცირებული პარტნიორის დაახლოებას CFSP-თან და მხარს უჭერს გაძლიერებულ თანამშრომლობას CSDP-ის სფეროში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობას, მოიწვიოს უკრაინა და საქართველო ევროკავშირის მომავალ თავდაცვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა “ახალი კვირა” დახურა
შემდეგი სტატიანატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება