რატომ ემუქრება ჩავარდნა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ტენდერს

პრესკონფერენცია „ექშენის“ გარეშე და გემრიელი „კოფე-ბრეიკი“ „ტექნოპარკში“გუშინ „თაიმერმა“ გამოაქვეყნა სტატია – „ვინ დატოვა თელავი წყლის გარეშე, რა ბედი ელის გუდაურს?!“ რომელიც თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლებას და ტენდერს ეხებოდა და რომელიც ერთხელ გადაიდო, მეორედ კი ჩაიშალა. (სტატია იხ. ბმულზე https://www.timer.ge/vin-datova-thelavi-tskhlis-gareshe-da-ra-bedi-elis-gudaurs/
არადა, აზიის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ამ პროექტს, საქართველოს დოლარს ურიცხავს. ტენდერის გაჭიანურების ყოველი საათი, წუთი, წამი, დღე და მითუმეტეს თვე, საფრთხეს უქმნის ხარისხიან რეაბილიტაციას. ოფიციალური ინფორმაციით, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების ტენდერის ჩაგდების მიზეზი არის არასრულყოფილი დოკუმენტაცია: „სატენდერო კომისიის მიერ შერჩეული პრეტენდენტი ჩინური კომპანიის დოკუმენტაცია შეთანხმდა აზიის განვითარების ბანკთან, თუმცა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაკომპლექტებულმა ახალმა სატენდერო კომისიამ, კომპანიის მიერვე მოწვეული აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების კონსულტანტთან ერთად, შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია და გამოავლინა მასში შეუსაბამობები. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს“, – ვკითხულობთ ინფრასტრუქტურის ოფიციალურ საიტზე. ანუ, კომისიამ განიხილა დოკუმენტაცია, შეუთანხმდა ბანკს და ტენდერის გამოცხადებიდან შვიდი თვის შემდეგ „შემთხვევით“ გაარკვია რომ თურმე დოკუმენტებში შეუსაბამობაა. ცალკე თემაა, რომ მსგავსი „შემთხვევითობა“ სულ ცოტა, არაპროფესიონალიზმს, უფრო მძიმედ კი, პირად ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და ისიც ცალკე თემაა, რომ მსგავსი „შედეგისათვის“ წესიერ ქვეყანაში კომისიის წევრებს მხოლოდ სახლში კი არ გაუშვებდნენ, პასუხს მკაცრად   მოსთხოვდნენ.

მაგრამ აქ მთავარია ერთი „დეტალი“ – დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოსწორებას ტენდერის ჩაშლა არ სჭირდება! ხარვეზის გამოსწორებისათვის ყველაზე დიდი ერთი დღე და ყველაზე ცოტა ერთი საათია საჭირო, მაშ რატომ ჩაიშალა ტენდერი და რატომ დარჩა თელავი, ეს ტურისტული ზონა, გაურკვეველი დროით,  წყლის გარეშე, სადაც უკვე კარგა ხანია წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას? ჩვენ ზემოთნახსენებ სტატიაში ვწერდით: „საოცარია, მაგრამ ამ თემაზე, რატომღაც სიტყვას არ ძრავს თელავის მაჟორიტარი ამხანაგი სესიაშვილი. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, ერთ დროს „ქართული ოცნების“ ე.წ. სახე, თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ტენდერით ძალიან დაინტერესებული იყო, რაც ბუნებრივია. დიახ, მაჟორიტარს უნდა აინტერესებს რა ხდება იქ, საიდანაც პარლამენტში მოხვდა. დღეს, როცა ტენდერი უკვე ჩაშლილად გამოცხადდა, სესიაშვილი დუმს! რატომ?“ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კი რედაქციაში შემოსული ზარებით ვარკვეთ, რომ ტენდერის ჩაშლა მხოლოდ კომისიის „დამსახურება“ არ იყო და კომისია სინამდვილეში დოკუმენტაცია რომ დაეხარვეზებინა,  სესიაშვილის „ხათრით“ გახდა იძულებული.  ანუ, როგორც გვეუბნებიან, სწორედ სესიაშვილი შეუთანხმდა მაია ცქიტიშვილს და ამ დუეტმა დატოვა თელავი წყლის გარეშე, ერთი „უბრალო“ მიზეზის გამო – ე.წ. “ატკატი”!

შემდეგი ტენდერი, რომლის დეტალებიც, ასევე, ბევრ კითხვას ტოვებს, არის გუდაურის წყალანირების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვების მოთხოვნით გამოცხადებული ტენდერი.

გუდაურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის განსახორციელებლად ტენდერი 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის პირობების თანახმად: „საქართველომ მიიღო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) ურბანული მომსახურებების საინვესტიციო პროგრამის ტრანში 3-ის დაფინანსებისათვის. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებულ იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დასაფინანსებლად. ტენდერი ღიაა პრეტენდენტებისთვის აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი ქვეყნებიდან. 2. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) იწვევს დალუქულ სატენდერო წინადადებებს უფლებამოსილი პრეტენდენტებისაგან, გუდაურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის განსახორციელებლად, კერძოდ, პროექტის ფარგლებში იგეგმება ხუთი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება:  ახალი გუდაური – (არსებული ტერიტორიები და მომავალი გაფართოება, 5,000- მოსახლემდე) წარმადობა – დაახლოებით 750 მ 3 /დღე;  ზემო და ცენტრალური გუდაური – არსებული ტერიტორიებისთვის, რომელიც- შეესაბამება ძველ, დაზიანებულ წყალარინების გამწმენდ ნაგებობას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე (13,333 მოსახლე). წარმადობა დაახლოებით 2,000 მ 3 /დღე;  გუდაურის ცენტრი – პლატოზე მდებარე დიდ ნაკვეთზე (2,333 მოსახლე).- წარმადობა დაახლოებით 350 მ 3 /დღე;  გუდაურის ქვედა პლატო – აღნიშნული გამწმენდი ნაგებობა განთავსდება პლატოს- ბოლო ნაწილში, გუდაურის ახალი განვითარების გამო. განვითარების არსებული წინადადების მიხედვით, გამწმენდის წარმადობაა დაახლოებით 750 მ 3 /დღე და მოემსახურება 5,000 მოსახლეს;  სეთურები – ერთი ნაგებობა, სოფელ სეთურების წყალარინების გასაწმენდად,- წარმადობა დაახლოებით 350 მ 3 /დღე (2,333 მოსახლე); კონტრაქტის ფარგლებში აქტივობების (პროექტირების და მშენებლობის) სავარაუდო ხანგრძლივობაა 600 დღე. საერთაშორისო საკონკურსო ტენდერი წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი, ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურების მიხედვით. ტენდერი ღიაა უფლებამოსილი ქვეყნების ყველა პრეტენდენტისათვის, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტაციაშია აღწერილი. 4. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პრეტენდენტებს რომლებსაც აქვთ შემდეგი ძირითადი კვალიფიკაცია:  საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა: მინიმალური საშუალო წლიური  ბრუნვა 12,600,000 აშშ. დოლარი ან მისი ექვივალენტის ოდენობით, რომელიც გამოითვლება დასრულებული ან მიმდინარე კონტრაქტებისათვის მიღებული სერტიფიცირებული გადახდების ჯამით ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეულმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნის 25%, ხოლო ერთმა პარტნიორმა მოთხოვნის 40%);  ფინანსური რესურსები: იმისათვის, რომ პრეტენდენტმა დააკმაყოფილოს ფინანსური რესურსების მოთხოვნა, პრეტენდენტმა უნდა აჩვენოს ლიკვიდური აქტივების, აკრედიტივის ან სხვა ფინანსური რესურსების არსებობა ან მათზე წვდომა 2,100,000 აშშ. დოლარის (ან ექვივალენტის) ოდენობით, (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეულმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნის 25%, ხოლო ერთმა პარტნიორმა მოთხოვნის 40%);  მსგავსი ზომისა და ბუნების კონტრაქტი: სულ მცირე ერთ (1) კონტრაქტში მონაწილეობა, რომელიც წარმატებით ან არსებითად დასრულდა ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში და რომელიც შემოთავაზებული სამუშაოების მსგავსია, სადაც პრეტენდენტის მონაწილეობა აჭარბებს 8,300,000 აშშ. დოლარს ან ექვივალენტს. მსგავსება ეფუძნება სამუშაოების ფიზიკურ სიდიდეს, ბუნებას და სირთულეს როგორც ეს აღწერილია სატენდერო დოკუმენტაციის სექცია 6- ში – „დამკვეთის მოთხოვნები“ (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: ერთმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა)“.

რატომ გაგაცანით ეს ამონარიდი ოფიციალური დოკუმენტაციიდან, სტატიის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ გახდება თქვენთვის ნათელი. განცხადებაში გარკვევით წერია –  სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 27 ივლისი. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ გუდაურმა თელავის ბედი გაიზიარა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 10 აგვისტომდე გადაწიეს. „თაიმერი“ არკვევს, რომ გუდაურის ტენდერზე განაცხადი აქვს შეტანილი სამ კომპანიას, აქედან ერთი აზერბაიჯანულია „აზ ინშაითი“. „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, მინისტრის სიმპათიები ამ კომპანიის მხარესაა. არადა, ვინ ვინ და მაია ცქიტიშვილმა ნამდვილად უნდა იცოდეს რომ ამ კომპანიას სამი ტენდერი შეუსრულებელი აქვს და რაც გააკეთა, უხარისხოა. აქვე, ერთი „პატარა“ დეტალი: ტენდერი 12 მილიონია. 12 მილიონი დოლარი, შეიძლება მილიარდერისთვის ცოტაა, მაგრამ საერთო ჯამში ბევრია, ძალიან ბევრი! თუ „ატკატზე“ მიდგება საქმე, „ნარჩენი“ ცოტა არ გამოვა, ესეც ფაქტია.

მაშ, რატომ აკეთებს არჩევანს მაია ცქიტიშვილი და როგორც სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაკომპლექტებული ახალი სატენდერო კომისია“ ამ კომპანიაზე? წესით სამინისტრომ უნდა იცოდეს „აზ ინშაითის“ „საქმენი საგმირონი“. როგორც ამბობენ, ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ამ კომპანიამ აჩვენა და ეს პირდაპირ კავშირშია დემპინგურ ფასებთან (ფასი, რომელიც შიდა ბაზრის ფასებთან, მათ შორის, წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებთან, შედარებით განზრახ შემცირებულია, მას გამყიდველი აწესებს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით). როგორც ამბობენ, მიდის მოლაპარაკებები კომპანიასთან, რა თემაზე ამას მკითხველიც თავისუფლად მიხვდება. სწორედ ამიტომა, აქცენტი გაკეთებულია კომპანიაზე, რომელმაც ვერ შეასრულა უკვე მოგებული ტენდერების მოთხოვნები და რაც გააკეთა, უხარისხოდ. როგორც ამბობენ, ეს ტენდერიც ჩავარდება, ისევე, როგორც ჩავარდა თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების ტენდერი, თუ შეთანხმება არ შედგება. რას მოუტანს ეს საბოტაჟი ქვეყანას? საკურორტო ზონა, გუდაური, ტურისტულ ზონა თელავის მსგავსად, დარჩება „თამაშგარე“, ვიღაცა კი აურზაურში ღლავს დაიჭერს.

მეტიც: საქმე ისაა, რომ ოქტომბრში სექტემბრისაგან განსხვავებით დარიცხვამ 700 ათასი ლარით ნაკლები შეადგინა, სავარაუდოდ, ალბათ, იგივე მოხდება ნოემბერში და დეკემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმომარაგების კომპანიას ბიუჯეტიდან უნდა გამოუყონ თანხები (დაახლოებით 2 მილიონი), რათა კომპანიამ „თავი ირჩინოს“. ასევე, მესამე კვარტლით დაგეგმილ შესრულებაზე 20 მილიონი ლარით ნაკლებია ათვისებული და ეს ხდება ლარის ინფლაციის ფონზე, ეს არის ის თანხები, რომელიც დონორმა ბანკებმა საქართველოს პრობლემების გადასაჭრელად გამოუყვეს. რა გამოდის?  წლის ბოლოს გავარკვევთ, რომ ამ „შეცდომებით“ მიღებული „შედეგები“ ბიუჯეტს დააწვება, ბიუჯეტს, რომელიც ისედაც „დაავადებულია“,  ამდენი მაღალი ხელფასების, პრემიებისა თუ დანამატების, ე.წ. სამივლინებო თუ სარესტორნე ხარჯების  ფონზე.

დაბოლოს, „თაიმერმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღვნიშნავდით, რომ მაია ცქიტიშვილს მალე თანამდებობას  დაატოვებინებდნენ და ამის მიზეზი არაოფიციალურად სწორედ ის ტენდერები იქნებოდა, რაზედაც „თაიმერი“ წერს. ორი დღის წინ გაირკვა რომ ჩვენი ინფორმაცია ზუსტია და არჩევნების შემდეგ მაია ცქიტიშვილი მინისტრი აღარ იქნება. ჩვენი ინფორმაციით, მას ბახტაძის მარჯვენა ხელი – ჭოლაძე შეცვლის, თავად მაია ცქიტიშვილს კი, როგორც ამბობენ, ცოტა ხნით აბასთუმნის პროექტზე ამუშავებენ.

 

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა მომხრეებს უთხრა გამორთეთ “რუსთავი 2”, მე ვერ ვრთავ, ან მომეცით ერთი წელი
შემდეგი სტატიაავღანეთის მისიის ქართველი ჯარისკაცები საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ