“თაიმერის” შაბათის სტუმარია ოთო აბესაძე-„არ ვიცი, ამდენს რატომ გიყვებით…“

kjhgfdრატომ ეძახიან „ოცნების ბიჭს“, როგორ გახდა განათლების მინისტრის მრჩეველი და ვინაა 27 წლის ოთო აბესაძის ორეული „ნაცმოძრაობაში“ 

 

…ახლა, ვერ ვიტყვი, რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს-მეთქი, მაგრამ მასა და ნიკა გვარამიას შორის მსგავსება აშკარად არის, თან ისეთი მსგავსება, რომ თურმე, ქუჩაშიც გაუჩერებიათ და უკითხავთ, ნიკას ძმა ხომ არ ხარო. ისე, ამ შემთხვევაში, გარეგნულ მსგავსებაზეა ლაპარაკი, თორემ მათი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარამიას პოლიტიკური სიმპათიები „ნაცმოძრაობისკენ“ იხრება, განათლების მინისტრის მრჩეველი, თსუ-ს 27 წლის დოქტორი ოთო აბესაძე კი, როგორც იტყვიან, თხემით ტერფამდე „ოცნებელია“, თუმცა როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, პოლიტიკურ შეხედულებებს ივიწყებს. ასე მოხდა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინაც, როცა „კომედი შოუს“ მსახიობი გადაარჩინა… სხვათა შორის, ოთო „ოცნებაში“ – არც მეტი, არც ნაკლები – ველოსიპედის წყალობით მოხვდა. სრულიად ერმა კი მას შემდეგ გაიცნო, რაც შარშან, განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ… უჩქმიტა… მოკლედ, თქვენს წინაშეა ოთო აბესაძის ნახევრად პოლიტიკური და ნახევრად აპოლიტიკური პორტრეტი.    

 

– როგორ მოგმართო: ბატონო ოთარ თუ ფამილარულად?

– მთელი ცხოვერბა, ყველა – პრემიერ-მინისტრით დაწყებული დამლაგებელ ჟენია ბებოთი დამთავრებული – ოთოს მეძახის და ვერ წარმომიდგენია, რომ 27 წლის ბიჭს ვინმემ „ბატონო ოთარით“ უნდა მიმართოს.

– ჯანსაღი შეხედულებაა, მაგრამ მახსოვს, „ნაციონალებს“ თავის დროზე იმის გამოც აკრიტიკებდნენ, გოკა, გუკა და სხვა კნინობითი სახელები რა უბედურებააო…

– მე ასე არ ვთვლი, მით უმეტეს, დღეს, როცა 21-ე საუკუნის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. სხვათა შორის, YouTube-ზე კანადის პრემიერის ვიდეოები იდება ხოლმე, რომელიც თუ არ ვცდები, 31 წლისაა და რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ პოლიტიკურ სტერეოტიპს ამსხვრევს. საერთოდ, მოქალაქისთვის ნიშვნელობა არ აქვს, ბატონ ოთარს ელაპარაკება, გოკას თუ გუკას. მთავარია, საქმე გაკეთდეს და თუ საქმეს აკეთებ, ხალხს ოთოც უყვარხარ და ბატონი ოთარიც.

– ისე, ვისი მოსახელე ხარ?

– ბაბუაჩემის – მამაჩემის მამის.

– ოთო, თვლი, რომ პოლიტიკოსი ხარ?

– არა, არა… საქართველოში ზოგს პოლიტიკა ის ჰგონია, რომ ჩახლართული კომბინაციები გააკეთოს. ზოგი რამდენიმე სააგენტოს მიერ მისი განცხადების გავრცელების, ან სატელევზიო შოუში გამოჩენის მერე თავს შემდგარ პოლიტიკოსად თვლის, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. პოლიტიკოსი, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე, არიელ შარონი თუ ჩერჩილი იყო.

– ჩვენში დარჩეს და, სააკაშვილიც პოლიტიკოსია…

– რა თქმა უნდა, არის და ამას არც უარვყოფ, მაგრამ უბრალოდ, გარდაცვლილებს შევეხე, თორემ მოქმედ პოლიტიკოსებზე საუბარს, დამიჯერე, სააკაშვილით არ დავიწყებდი, რადგან სააკაშვილი როგორი პოლიტიკოსია, ეს ჯერ ქართულმა საზოგადოება შეაფასა, შემდეგ კი – უკრაინულმა. ასე რომ, პოლიტიკოსობას ვერ ისწავლი, ეს მესამე გრძნობასავითაა. პოლიტიკოსისთვის ორი მთავარი პრინციპია: ერთი, ალღო უნდა ჰქონდეს და სიტუაციას გრძნობდეს, მეორე, პოლიტიკოსია ადამიანი, რომელიც გადაწყვეტლებას იღებს ან მიზნის მისაღწევად გადაწყვეტილების მიღების სისტემას ამუშავებს. თუ ეს ორი თვისება არ გაქვს, მხოლოდ რიტორიკული განცხადებებით პოლიტიკოსი ვერ გახდები.

– ოთხი წლის წინ, 23 წლის ბიჭმა, პოლიტიკაში ჩართვა რატომ გადაწყვიტე?

– (იღიმება) პოლიტიკაში ოთხი წლის წინ კი არა, უფრო ადრე ჩავერთე. როცა ადამიანს პროტესტის გრძნობა უჩნდება, ამ, ასე ვთქვათ, გასაპროტესტებელთან შეწინააღმდეგებას იწყებს. 2007-2008 წლებში ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი, რომელსაც თსუ-ში მოქმედი სისტემა არ მოსწონდა. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და გიორგი ავალიანმა განაცხადა, ერთიანი სტუდენტური მოძრაობა მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერსო. ეს ჩემთვის ძალიან ცუდი მესიჯი იყო. სხვათა შორის, უნვერსიტეტელების შვილი ვარ – 30 წელია, დედაჩემი უნივერსიტეტის პროფესორია და მამაჩემიც, რამდენიმე ათეული წელია, მანდ მუშაობს, ანუ საუნივერსიტეტო-აკადემიურ წრეში გავიზარდე და უნივერსიტეტში პირველად რომ მიმიყვანეს, ორი წლის ვიყავი…

– უნივერსიტეტის დოქტორი და პროფესორი „პაბლაშკებით“ გახდი?

– რას ლაპარაკობ?! – თსუ-ს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი ვარ! ჩემთან, სახლში, ყოველი ათი სიტყვიდან ხუთი თსუ-ა, ანუ სხვა არაფერი მესმის და თსუ-ს ავტონომიის პრინციპებზე გაზრდილმა უცებ დავინახე, რომ უნივერისტეტში ახალი კომკავშირი შეიქმნა, რომელმაც ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და უნივერსიტეტი ნელ-ნელა ყველაზე პოლიტიზირებული სისტემა ხდებოდა.

– თსუ პოლიტიკურ ამინდის ყოველთვის ქმნიდა…

– მესმის, მაგრამ ისე არასოდეს ყოფილა, რომ უნივერსიტეტი პარტიას ემართა. ყველაფერ აქედან გამომდინარე, 2010 წელს, მე და ჩემი მეგობრები „სახლახო კრების“ აქციებს შევუერთდით. სხვათა შორის, 26 მაისის ერთ-ერთი დაზარალებული ვარ – ჩათვალე, რომ ექსკლუზივი გითხარი.

– ვაიმე, ასეთი ახალგაზრდა ხარ და არ მეგონა, პრორუსული განწყობა თუ გექნებოდა?!

– დედამიწაზე ვერავინ მეტყვის, რომ პორურუსლი განწყობა მქონდა ან მაქვს, პირიქით, განათლება დასავლეთში მაქვს მიღებული, დედაჩემი გაერო-ს ერთ-ერთი მომხსენებელია და გერმანიაში ლექციებს კითხულობს… „სახალხო კრების“ აქციებზეც ჩემი და ჩემი მეგობრები თსუ-ს სისტემას ვაპროტესტებდით და ჩვენზე ფიზიკური ანგარიშწორება აქციაზე კი არა, თსუ-ში განხორციელდა – მაშინდელმა „თესეულემა“ „კამსამოლებმა“ იძალადეს…

– მეგონა, 26 მაისის აქციებზე „ბელა ჩაოს“ მღეროდი…

– არა, არა…

– ოთო, სიტყვამ მოიტანა და, დასავლეთი გრყვნის და ქართველობას გვართმევს?

– (გაოცებული) რა თქმა უნდა, არა. სტაჟირება აშშ-ში გავიარე და აბსოლუტურად ისეთი ჩამოვედი, როგორიც წავედი: არც გარყვნილი ვარ, არც გადარყვნილი და არც საოცრებები მჭირს, პირიქით, უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, ვნახე, ცივილური სამყარო რა არის და მინდა, ვიზალიბერალიზაცია მალე დამთავრდეს, რომ ევროპის უნივერისტეტებში თუნდაც თავისუფალ მსმენელად დასწრების საშუალება ბევრ სტუდენტს მიეცეს.

– შემდეგ შეკითხვაზე ლოგიკურად გადავდივარ: თვლი, რომ კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ეწეროს, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო?

– ამ საკითხზე, თუ არ ვცდები, რეფერენდუმის ჩატარებასაც აპირებენ…

– ნამდვილად არ ცდები: რეფერენდუმის ჩატარება „ოცნებელებს“ უნდათ…

– ასე ნუ მოიხსენიებ, ეს პარტია ძალიან მიყვარს…

– არ გამაგიჟო, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდას პარტია რატომ უნდა უყვარდეს?

– ის გიყვარს, რაც შენი შექმნილია. კოალიცია „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი – აბა, ეს იცოდი? მოკლედ, იმ პოლიტიკური სისტემის, რომელიც დღეს არსებობს, ერთ-ერთი შემქმნელი ვარ და სისხლი მაქვს ჩაქცეული, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით – ნახევარი საქართველო სამჯერ მოვიარე…

– თუკი კოალიციის „ახალგზრდულის“ შეფი იყავი, წესით, თუნდაც ფარულად „რესპუბლიკელებიც“ უნდა გიყვარდეს… 

– (იცინის) სხვათა შორის, „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეც ვიყავი. დღეს კი პარტია „ქართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ვარ.

– ასეთი პარტია არსებობს?

– კი არ არსებობს, წარმოიდგინე და, მმართველი პარტიაა, სადაც ძალიან საინტერესო განახლების პროცესი მიდის.

– „ოცნების“ საარჩევნო სიაში მართლა იქნები?

– ჩვენ ხომ სხვა რამეზე ვსაუბრობდით?

– დიახ, მაგრამ ეს ხომ საუბარია და არა – შეკითხვებშეთანხმებული ინტერვიუ. ასე რომ, იმას შეგეკითხები, რაც სიტყვას მოჰყვება!

– მინდა, დაგეხმარო – არ მინდა, ისეთი „ქრონომეტრაჟი“ იყოს, გადავხტეთ, გადმოვხტეთ და დაწერისას დაიღალო…

– ჩემს დაღლაზე ნუ სწუხხარ და მითხარი, „ოცნების“ სიაში იქნები?

– არ ვიცი… ამაზე პასუხი ჯერ არავინ იცის… ეს მუშა პროცესია…

– არც ტყიბულის მაჟორიტარობას გეგმავ?

– წარმოშობით ტყიბულიდან ვარ, ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და მისთვის რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ… ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა, მაგრამ თუ პარტია ჩათვლის, რომ ჩემი რესურსის გამოყენება საკანონმდებლო ორგანოში სჭირდება, კონსულტაციებს დიდი სიამოვნებით დავიწყებ, თორემ პარლამენტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არაა. მთავარია, იქ რას გააკეთებ. პარლამენტში კანონშემოქმედებითი სამუშაო და თუ მაჟორიტარი ხარ, ქალაქთან პირდაპირი კომუნიკაციაა.

– პარლამენტარობა, ავტომატურად, კარგ ანაზრაურებასა და მშვიდ ცხოვრებასაც ნიშნავს…

– ვანიჩკა, დამიჯერე, მშვიდი ცხოვრება არც ახლა მაკლია.

– შეიძლება, მაგრამ დეპუტატობა უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე – განათლების მინისტრის მრჩევლობა!

– იცი, ყველაზე კარგად რა ჟღერს? – თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი. ეს ჩემთვის ყველაზე მაღალი სტატუსია…

– ჰოდა, მაინც ვერ გავიგე, ოჯახის შენეული განმარტება როგორია?

– ჩემი აზრით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, ამაში ხელი უნდა შეუშალონ.

ამის შემდეგ ოთომ რამდენიმე ისეთი სიტყვა ახსენა, როგორიც, მაგალითად, გენდერია. მოგეხსენებათ, საზოგადოების ვიწრო წრეზე გენდერი და მსგავსი სიტყვები შოკოსმომგვრელად მოქმედებს. ჰოდა, განათლების მინისტრის მრჩეველს ვურჩიე, მსგავსი „ვორდინგისგან“ თავი შეიკავე, თორემ ჩაგქოლავენ-მეთქი…

ოთო აბესაძე: – ვინ უნდა ჩამქოლოს? 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და საქართველოში, ვინმეს მოსწონს თუ არა, განსხვავებული რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არსებობენ. ტოლერანტული საზოგადოებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ნებისმიერი შეხედულების ადამიანის, მინიმუმ, უსაფრთხოებისა და ნორმალურად  ცხოვრების გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს და არის კიდეც! ასეა ცივილურ სამყაროში, ასეა საქართველოშიც და იგივე 17 მაისს, ქართულმა სახელმწიფომ შეძლო, რომ ქვეყანას ძალიან დიდი ესკალაცია აარიდა.

– ოთო, გიყურებ და შოკში ვარ: ნიკა გვარამიას გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ!

– (იცინის) ამას მხოლოდ შენ არ მეუბნები და ძალიან ბევრს უთქვამს. რამდენიმემ ქუჩაშიც გამაჩერა და მკითხა, ნიკას ძმა ხომ არ ხარო, თუმცა ნიკა ჩემზე გამხდარია. ისე, მეც დიეტაზე ვარ…

– არ გწყინს, ნიკას რომ გამსგავსებენ?

– რატომ უნდა მწყინდეს?

– რა ვიცი, „ოცნება“ ნიკას და, საერთოდ, „რუსთავი 2“-ს ხომ დასანახად ვერ იტანს…

– ვაიმე, როცა ლაპარაკი ფიზიკურ მსგავსებაზეა, რა უნდა მეწყინოს?! ნიკა გვარამია ჩემთვის, სამწუხაროდ, კრიმინალურ რეჟმთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში მანიაკალური სისტემა შემოიტანა.

– თუკი კრიმნალური და მანიაკალური პარტიაა, „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობა“ რატომ არ აკრძალა?

– ეს ჩემი შეფასებაა.

– შენი, ანუ სახელმწიფო ჩინოვნიკის შეფასება, არა?

–   ამ შემთხვევაში, ჩვენ განათლების კი არა, ყველა თემაზე ვსაუბრობთ და ესეც ჩემი, როგორც თუნდაც ახალბედა პოლიტიკოსის აზრია, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა ან არაკრძალვა ჩემი პრეროგატივა არაა. გადაწყვეტილება სხვამ, პირობითად, მოქმედმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამ პარტიის აკრძალვას პირადად მე მხარს დავუჭერ.

– ოთო, ამას წინათ, დაასტატუსე, რომ თურმე, „ოცნების“ ბიჭს გეძახიან…

– ეს „საგრიმიოროს შუტკაა“: ვერ გეტყვი, რომ ძალიან მახარებს, მაგრამ ბოლო დროს ტელევიზიებში სტუმრობა ხშირად მიწევს. ჰოდა, „მაესტროში“ ვიყავი, საგრიმიოროში პროდიუსერმა შემოიხედა და ჩალაპარაკა, უი, „ოცნების“ ბიჭი მოსულაო და ასე შემრჩა „დრიმ ბოუს“ სახელი.

– „ოცნებამდე“ როგორ მიხვედი?

– საინტერესო შეკითხვაა… აბსოლუტურად შემთხვევით.

– შემთხვევით, ანუ ქუჩაში მიდიოდი და „ოცნება“ „ჩაგიდეს“?

– (იცინის) მოგიყვები… 2012 წელს ან ერთი იყავი, ან მეორე და მესამე-მეოთხე არ არსებობდა. მე მაშინდელი რეჟიმის ოპოზიცია ვიყავი… მეორე ექსკლუზივს გეუბნები: პარლამენტის უკანა სკვერთან, ველოსიპედთ ვსეირნობდი, სადაც აბსოლუტურად შემთხვევით გიორგი მარგველაშვილი გავიცანი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა… არ ვიცი, ამდენს რატომ გიყვები…

– იმიტომ მიყვები, რომ „კაი ტიპი“ ვარ!

– შენზე ბევრი მსმენია და ვიცი, „ჯიგარი“ ხარ!.. მოკლედ, აზრები გავცვალეთ, ვილაპარაკეთ, „ოცნებაში“ ჩამრთო, არჩენები მოვიგეთ და განათლების მინისტრი რომ გახდა, გიორგიმ თავის მრჩევლად დამნიშნა.

– მერე, მარგველაშვილს უღალატე?

– ეს რა ლაპარაკია?

– რა ლაპარაკია და, ლამის მთელი „ოცნება“ თუნდაც იმის გამო, რომ ავლაბრის რეზიდენცია არ დატოვა, მარგველაშვილს ასამარებდა და შენ რა პოზიციაზე იდექი?

– ვანიჩკა, ასე არ ყოფილა… ერთი წელი გიორგის მრჩევლად ვიმუშავე, მერე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მისი ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა ჩემი და გიორგის პოლიტიკური ვალდებულებები 27 ოქტომბერს, ანუ მისი გამარჯვების დღეს დამთავრდა. განათლების სისტემა ჩემი ოჯახია, ბევრი პროექტი დავიწყე და ვთხოვე, აქ დავრჩები, რადგან მირჩევია, ის საქმე ვაკეთო, რაც ვიცი და კარგად გამომდის-მეთქი. გიორგისაც კარგად ვიცნობ და მის ოჯახსაც, მაგრამ სამი წელია, საქმიანი კვეთა აღარ მქონია, თუმცა ერთმანეთს ყოველთვის თბილად და მეგობრულად ვხვდებით.

– ესე იგი, შენი ველოსიპედით დაწყებული „ოცნების“ კარიერია, მარგველაშვილზე გავლით, ირაკლი ტრიპოლსკიმდე მივიდა?

– ტრიპოლსკი რა შუაშია?

– ამბობენ, რომ „ოცნებაში“ სწორედ ის გმფარველობს… სხვათა შორის, ამაზე მინიშებას თავის დროზე ელისო ჩაფიძეც აკეთებდა. ისე, ამ ელისოს რას გადაეკიდე, შენ ეგ უპატრონო ხომ არ გგონია?

– (იცინის) არავის გადავეკიდე, კაცო. უბრალოდ, ისიც შეცდომაში შეიყვანეს, მეც და რაღაც მცირე გაუგებრობა იყო, მაგრამ ახლა აბსოლუტურად აღმოფხვრილია.

რაც შეეხება ირაკლი ტრიპოლსკის, შემიძლია, პირდაპირ გითხრა: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია.

– მარგველაშვილზე ძვირფასი?

– ასეთ შედარებას ნუ გავაკეთებთ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასები ჩემი შვილი, მშობლები და ბავშვობის ძმაკაცები არიან… ირაკლი ტრიპოლსკი გიორგი სიგუასგან გავიცანი.

– ლაკონურად მიპასუხე: „ოცნებაში“ ტრიპოლსკი გმფარველობს თუ არა?

– თუ ნებისმიერი ადამიანს საფუძველი არ მიეცი, რომ რეკომენდაცია გაგიწიოს და მხარი დაგიჭიროს, ანუ თუ სუსტი ხარ, მამაზეციერიც ვერ გიშველის! ისე, მოქმედ პრემიერსაც ვიცნობ, წინა პრემიერსაც…

– წინა პრემიერი, ანუ ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მოგწონდა, არა?

– „ქართული ოცნების“ დროს საქართველოს სამი პრემიერი ჰყავდა და სამივე დიდი ღირსებით გამოირჩევა. ირაკლი კი, ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, სამართლიანად აგრესიული პოლიტიკოსია, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში თავისი სიტყვა თქვა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეპოქალური ქართველია. ეპოქალური ნაბიჯები ედუარდ შევარდნაძემაც გადადგა – მის კარიერას თვალი რომ გადავავლოთ, კარგი პოლიტიკური „ხოდები“ ჰქონდა და სწორედ ესაა მესამე თვალი, წეღან რომ ვახსენე. სხვათა შორის, ისე არ გამიგო, რომ სტალინისტი ვარ, მაგრამ სტალინიც ეპოქალური ფიგურაა, ზურაბ ჟვანიაც და მიშაც, მაგრამ ქართველებისთვის და იგივე „ფორბსის“ რეიტინგითაც, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი პირველია.

– ივანიშვილი ეპოქალური თავისი მილიარდების გამოა თუ ხეების გადარგვის?

– ვანიჩკა, ეს თემა ძალიან ცუდად მიგყავს…

– ოთო, მოძღვარი არ ვარ, რომ შენს სულიერ სიმშვიდეზე ვიზრუნო…

– ვაცლავ ჰაველი არც მე ვარ… ყველას ახსოვს, 2012 წლამდე საქართველოში რა რეჟიმიც იყო და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კაცმა არ იცის, დღეს სად ვიქნებოდით. ივანიშვილს ეპოქალურად მე კი არ ვთვლი, არამედ, მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ჟურნალები ამბობენ, რომ მსოფლიოს ჭკვიანი ადამიანების ტოპ-ათეულშია. როცა სტატუსის გარეშე ქვეყანას ვარძიას და, საერთოდ, კულტურულ მემკვიდრეობას გადაურჩენ, თან ამას უანგაროდ აკეთებ, სწორედ ესაა ეპოქალურობა.

– ოთო, ამბობ, 2010 წლიდან ოპოზიციაში ვიყავიო. მაშასადამე, ფარული ჩანაწერები შენზეც იქნება, ანუ შენი სექსის გასაჯაროებას ელი?

– ეს საშინელებაა! ადამიანის საძინებელი და მისი პირადი ცხოვრება არავის საქმე არაა!

– გეთახმები, მაგრამ მორალი?

– ქალის და კაცის, ან თუნდაც ცოლ-ქმრის სექსუალური ცხოვრება მორალთან რა შუაშია?

– სექსი ცოდვაა?

– რა თქმა უნდა, არა, რა სისულელეა, ამას ვინ ამბობს?!

–  „მეოცნებემ“ ცოლს რომ უღალატოს, „მოსულა“?

– (გულიანად იცინის) ზოგადად, ღალატი კარგი არაა და მნიშვნელობა არ აქვს, „მეოცნებეა“, „ლეიბორისტია“ თუ „კონსერვატორი“. ღალატი ორი ადამიანის ურთიერთობას აფუჭებს, თორემ დღეს არავის არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ უკვირს!

– „ოცნების“ მთავარი ღირსება რა არის?

– მთავარ ღირსებად იმას ვთვლი, რითიც ისტორიაში შევა.

– ფაქტია: „ოცნება“ ისტორიაში სამართლიანობის აღდგენით ვერ შევა! სამართლიანობის აღგენის დაპირება ბლეფი იყო? 

– არა, არა… ახალაია და უგულავა ციხეში არიან და ბლეფი როგორ იყო?

– უკაცრავად, ოთო, მაგრამ იგივე ლელუაშვილს ოთხი წელი ინახავდით, უდესიანზე კი, საქმე ძლივს აღძარით…

– ამაზე სხვანაირად გიპასუხებ: ყოველეთვის ვცდილობ, მომავალზე ვილაპარაკო და უკან არ ვიყურო. ჩემთვის ფუნდამენტური ევროპასთან ინტერგრაციაა.

– რომელიც, სხვათა შორის, „ნაცებმა“ დაიწყეს…

– ტყუილია! ვანიჩკა, ევროპასთან ინტეგრაცია 1994 წელს, ედუარდ შევარდნაძის მთვარობამ დაიწყო, რაშიც „ნაცმოძრაობამ“ ლომის წვლილი მართლა შეიტანა.

– ჰოდა, ამისთვის „ნაცებს“ მადლობა უთხარი!

– თუ შეიძლება, ჯერ ჩემს სათქმელს ვიტყვი… ისე, შენთან საუბარი ძალიან საინტერესოა და ხშირად შევხვდეთ ხოლმე…

– კი ბატონო, რა პრობლემაა.

– მოკლედ, მთავარი ფინიშია, ანუ საოცარი მითი, რომ „ოცნება“ პრორუსულია, დამთავრდა, პარტია „ქართული ოცნება“ დღეს ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრია  და ძალიან დიდი მხარდაჭერაც აქვს.

– შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ, ამერიკელი კონგრესმენი რასელი ასამარებს…

–  იცი, როგორ არის? – სტივ რასელის განცხადება მისი ნააზრევი კი არა, უფრო წაკითხული მგონია.

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის ფინიშამდე მიყვანის გარდა, „ოცნების“ ღირსება კიდევ რა არის?

– სოციალური სფერო – ჯანდაცვა და განათლება: უფასო ფაკულტეტები, დოქტურანტურის დაფინანსება, ბაღებში უფასო სწავლა. ვანიჩკა, ბოლო სამ წელში, 10 ახალი სკოლა აშენდა, 1500 კი გარემონტდა და მსგავსი აღმშენებლობა აქამდე არ ყოფილა. თუ არ გჯერა, ჩემი მანქანით წაგიყვან და ყველა სკოლას სათითაოდ განახებ.

– სიამოვნებით…

– 21 ფაკულტეტზე სწავლა აბსოლუტურად უფასო გახდა, ანუ საბჭოთა კავშირის შემდეგ, საქართველოში განათლება ასეთი ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა!

– ეს კარგია, მაგრამ ხალხს შია!

– ადამიანებს ადრეც შიოდათ, მაგრამ მშიერ ადამიანს, რომელსაც სახლის გაყიდვა უწევდა, რათა მის შვილს განათლება მიეღო, სახელმწიფო იმაში მაინც ეხმარება, რომ წიგნებს უფასოდ აძლევს და ოპერაციას უფინანსებს.

– კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაზე რას იტყვი?

– დეტალებში არ შევალ, თუმცა ერთს ვიტყვი: სისტემის შემქმნელები – ადეიშვილი, სააკაშვილი, უგულავა, მერაბიშვილი და ახალაიები პასუხისგებაში არიან მიცემულები!

– ოთო, ხალხს რომ ხვდები, რას ეუბნები, „ოცნებას“ ხმა რატომღა უნდა მისცეს?

– ვანიჩკა, რაც მთავარია, მოქლაქეებს სიტყვის, არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლება დაუბრუნდათ! სახელმწიფო ინსტიტუციური რეფორმებიც, ავად თუ კარგად, ოჯახებში შევიდა, ანუ ტყუილია, რომ ამბობენ, არაფერი გაკეთებულაო. მაგალითად, ბევრი გზა დაიგო. სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ხომ გითხარი, რომ ფესვები ტყიბულში, სოფელ მუხურაში მაქვს. მუხურა ის სოფელია, სადაც მხოლოდ სამხიდიანი მანქანები დადიოდა, წელს კი, ბაბუაჩემის საფლავზე „სედანით“ ავედი.

– მერე, ხალხმა გზა ჭამოს?

– გზა არ უნდა ჭამოს, მაგრამ გზა გაკეთდა, სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდა და არაჩვეულებრივი სკოლაც შენდება, ანუ სოფელ მუხურაში ხალხმა, შვილს ვფიცავარ, „ოცნების“ ხელისუფლების გაკეთებული საქმე იგრძნო.

– რამდენი შვილი გყავს?

– ერთი, 6-ის ხდება, წელს სკოლაში მიდის.

– რეგისტრაცია გაატარე?

– სხვათა შორის, მინდოდა, პირველ გიმნაზიაში შემეყვანა, მაგრამ იქ ვერ დავარეგისტრირე…

– ნიკა… უკაცრავად, ოთო, მიშა რომ შეგხვდეს, რას ჰკითხავ?

– (იღინება) მიშა სტამბულის აეროპორტში შემხვდა. ალბათ, ქართველის იერი რომ მაქვს, ისიც მიყურებდა…

– მერე?

– ვუთხარი, არ გრცხვენია? შენს ადგილზე, ქვეყნიდან მე ასე არ წავიდოდი-მეთქი?

– რა გიპასუხა?

– არ მგონია, რომ გაიგო – დაცვა ეფარებოდა. საერთოდ, სკანდალისტი ტიპი არ ვარ, რომ მივვარდე და რაღაცები ვუთხრა… ვთვლი, რომ სააკაშვილს ქართველი ხალხის უნდა რცხვენოდეს!

– ოთო, პოლიტკაში ბევრი რამ „მოსულა“…

– ძალიან…

– ჰოდა, თუ დადგება დრო, როცა „ოცნებური“ წარსულის შეგრცხვება და „ოცნებას“ დაგმობ?

– პოლიტიკურ პარტიაში ის ადამიანები წევრიანდებიან, ვისაც ერთიანი შინაგანი ხედვა და მსოფლმხედველობა აქვთ. როცა ეს შეხედულებები ერთმანეთს ასცდება, ადამიანები, ელემენტარულად, ვეღარ იმეგობრებენ.

– კეთილი, მაგრამ გაფიცებ, შენ და, მაგალითად, გუგული მაღრაძეს რა საერთო ხედვა გაქვთ?

– (გულიანად იცინის) ქალბატონ გუგულის არ ვიცნობ და რამდენჯერმე საერთო შეხვედრაზე მივსალმებივარ, მაგრამ სხვა შეხედულებები რომ ჰქონდეს, ამ პარტიაში არ იქნებოდა.

– ანუ, არ „გიტყდება“, გუგული მაღრაძე შენი თანაპარტიელი რომაა?

– ძალიან ცუდი შეკითხვაა.

– ვიცი, მაგრამ ამ ქალბატონმა გარემოვაჭრეებს უთხრა, დეპუტატებს თქვენზე მძიმე შრომა გვაქვს და ანაზრაურებაც მაღალი უნდა გქვონდესო…

– არ ვიცი, ეს მართლა თქვა თუ არა, მაგრამ პოლიტიკაში გადაცდომები ხშირია, მაგალითად, ნიკა მელიაც მომვარდა და…

– ვაიმე, კინაღამ დამავიწყდა, რომ ჩქმეტაზეც უნდა მეკითხა… მელიამ მართლა გიჩქმიტა?

– ერთ მშვენიერ დღეს, სამინისტროსთნ „ნაციონალები“ – ნასვამი ნიკა მელია, კობა სუბელიანი და სხვები მოვარდნენ.

– რა იცი, რომ ნასვამი იყო?

– პირიდან არყის სუნი ამოსდიოდა… დამევალა, რომ პოლიტიკოსები გვერდზე გამეწია და ამბოხებული მშობლები მინისტრისთვის შემეხვედრებინა. საერთოდ, ორი რამ მაგრად მეხერხება: მოლაპარაკება და არაფრისგან რაღაცის გაკეთება. მოკლედ, მშობლები „დავკერე“ და მინისტრთან ამყავს. ძალიან ბევრი ვიდეოკამერაა, შოუ ხომ უნდა დამიდგას,  პროვოკაციაზე წამომაგოს და… ორივე ხელით, გვერდზე მიჩქმიტა – ალბათ, უნდოდა, რომ შემომერტყა და მერე, თანამდებობისთვის შეუფერებელი გამოვიდოდი. ჰოდა, იქ არაფერი შევიმჩნიე, მერე, შლაგბაუმს აქეთ რომ გადმოვედით და ეს კადრებშიც ჩანს, კობა სუბელიანს მხარზე ვჩქმეტ და ვეუბნები, თანაგუნდელებს გადაეცი, რომ შეხვედრებზე ჩქმეტა არ შეიძლება-მეთქი.

– ანუ, „ნაცონალებს“ ხურდა დაუბრუნე და შენც უჩქმიტე?

– მე ხუმრობით ვუჩქმიტე და… ეს ამბავი ასე გავრცელდა.

– რა ვიცი, მთელი „ფეისბუქი“ კი „ღადაობდა“ და „ნაჩქმეტ ბიჭსაც“ გეძახდნენ…

– ჩემზე არ „ღადაობდნენ“… სხვათა შორის, ნიკა მელიამ ბოტანიკურ ბაღში ახლაც ზუსტად იგივე გააკეთა.

– ისევ გიჩქმიტა?

– მე კი არა, კაცო, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ფიზიკურად შეეხო – ამ კაცს, ალბათ, ასეთი ჩვევა აქვს. 21-ე საუკუნის პოლიტკაზე ვლაპარაკობთ და ეს კაცი კლასიკური მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი!

– ოთო, ბოლო სიტყვა მითხარი და თავს გაგანებებ…

– რა გინდა, რომ გითხრა?

– მე არაფერი მინდა, შენ რაც გინდა, ის თქვი…

– როგორი რესპოდენტი ვარ?

– მოდი, ღიად გეტყვი: ზოგიერთი „ოცნებელივით“ არ „წაიგოიმებ“ და ამ პოლიტიკაში რა გინდა, ვერ გავიგე!

– პოლიტიკაში იმიტომ ვარ, რომ პოლიტიკური დონე ავწიო!

– შენზე რომ იყოს დამოკიდებული, „ოცნებაში“ რას შეცვლიდი?

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ განახლება კარგი პროცესია და ზუსტად ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ განახლება 21-ე საუკუნის სტანდარტებით მოხდება! „ჯო“-ს, „ჯო“-ს და „ურა-პატრიოტიზმის“ დრო აღარაა, მორჩა და დროა, 21-ე საუკუნის პოლიტიკა ვაკეთოთ!

ესაუბრა ვანო პავლიაშვლი

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
შემდეგი სტატიაპროექტის “მე და კონსტიტუცია” მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ