რა ინფორმაციას მალავს შსს გურჯაანის პოლიციის უფროსის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე

POLICIISR_thumb_medium250_0საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანის პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის დაკავებას და შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებისგან კი გამოარკვია, რომ 4 ივლისს, ღამით, შსს გენინსპექციის წარმომადგენლებმა კრაწაშვილი ქრთამის აღებისათვის დააკავეს და მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. რამდენიმე დღეა გიორგი კრაწაშვილი გურჯაანის პოლიციაში არ გამოჩენილა.

ავტომობილი

წყაროს ინფორმაციით, გიორგი კრაწაშვილს, 2015 წელს, ქრთამის სახით, რამდენიმე ათასი აშშ დოლარის, ასევე ავტომატის აღებას ედავებიან. გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა, კონფიდენციალობის პირობის დაცვით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს, რომ კრაწაშვილმა ქრთამის სახით აღებულ თანხას (4 000 აშშ დოლარი) საკუთარი ფულიც დაამატა და 2005 წელს გამოშვებული BMW-ს მარკის ავტომობილი იყიდა.

ამჟამად გიორგი კრაწაშვილი აღნიშნულ ავტომობილს ყიდის. ინტერნეტგვერდზე მისი მანქანა 8300 აშშ დოლარად არის შეფასებული.

მათივე ინფორმაციით, კრაწაშვილს ქრთამის სახით ფული და ავტომატი გურჯაანში მომუშავე ბიზნესმენმა შალვა კიკონიშვილმა აჩუქა აუქციონებსა და ტენდერებში გამარჯვების და ნებართვების მიღებაში გაწეული დახმარების სანაცვლოდ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში შალვა კიკონიშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი კრაწაშვილთან დაკავშირებით ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და მოწმის სახით დაკითხეს. „ჩემ გარდა იქ სხვებიც იყვნენ დაკითხვაზე. მე კრაწაშვილისთვის არაფერი მიმიცია და არც მისგან მიმიღია რაიმე დახმარება“, – აღნიშნა კიკონიშვილმა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შალვა კიკონიშვილი 1999 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. მისი ოჯახის წევრების მარიამ კიკონიშვილის (შვილი), ანნა კიკონიშვილის და მანანა გიბიშვილის (მეუღლე) საკუთრებაშია სხვადასხვა ქონება.

2015 წლის 4 აგვისტოს, შალვა კიკონიშვილმა უპირობო აუქციონის გზით შეიძინა ქ. გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე 106 მ2 არასასოფლო მიწა, რომელიც მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო.

სქემა

პოლიციის თანამშრომლებზე დაყრდნობით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ასევე გამოარკვია, რომ 2015 – 2016 წლებში გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი დაინტერესებული იყო ქალაქ გურჯაანში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვით, შემდეგ გასხვისებით და მოგების მიღებით.

სქემა, რომელიც ჩვენმა წყაროებმა გაგვაცნეს, ასეთია: პოლიციის უფროსი ქალაქის ტერიტორიაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესყიდვას თავის მძღოლს მიხეილ ფირანიშვილს ავალებდა. იმისთვის, რომ ნაკვეთი, რომლის შესყიდვითაც პოლიციის უფროსი იყო დაინტერესებული გამგეობას საპრივატიზაციო ნუსხაში ჩაესვა, მიხეილ ფირანიშვილი განცხადებას ნდობით აღჭურვილ პირებს აწერინებდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა 2015 წლის აპრილსა და მაისში, გამგეობაში შეტანილი რამდენიმე ასეთი განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ქალაქ გურჯაანში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები გიორგი ოდიშელიძე. იგი მიხეილ ფირანიშვილის ცოლის ძმაა. განცხადებებზე, რომლითაც მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმაა მოთხოვნილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომრად მითითებულია 555 57 09 .., რომლითაც წლების განმავლობაში მიხეილ ფირანიშვილი სარგებლობს.

ამავე სქემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გამგეობა მიწის ნაკვეთებს საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასვამდა, აუქციონში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ პირებსაც რომ არ მიეღოთ და გასაყიდი თანხა არ გაზრდილიყო, პოლიციის უფროსი აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირებთან პირადად რეკავდა და მათ აფრთხილებდა, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ერთ–ერთი ასეთი პირი ქალაქ გურჯაანში მცხოვრები ზაზა ლაზაშვილია, რომელიც აუქციონებში ხშირად მონაწილეობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გურჯაანის პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა ის რამდენჯერმე დაიბარა სამუშაო ოთახში და კატეგორიულად მოსთხოვა, გურჯაანის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობა არ მიეღო. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ზაზა ლაზაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე მან კომენტარი არ გააკეთა.

2015 წლის ზაფხულში, ზაზა ლაზაშვილმა, აუქციონის წესით, ქალაქ გურჯაანში, რუსთაველის ქუჩა N4–ში მდებარე მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელშიც 28 000 ლარი გადაიხადა. აუქციონში მეორე პირიც მონაწილეობდა. ლაზაშვილსა და მას შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც გურჯაანის პოლიციამ ლაზაშვილი დააკავა. მოგვიანებით მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, 3 წელი პირობითი მიუსაჯეს და 10 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრი გიორგი კრაწაშვილს ვერ დაუკავშირდა. 4 ივლისს მომხდარი ამბის შემდეგ ის პოლიციის შენობაში აღარ ჩანს, სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს კი არ პასუხობს.

პოლიციის უფროსის ყოფილი მძღოლის მიხეილ ფირანიშვილის თქმით, გიორგი ოდიშელიძე ნამდვილად მისი ცოლის ძმაა; ტელეფონის ნომრით, რომელიც განცხადებებზეა მითითებული თვითონ სარგებლობს, თუმცა მას პოლიციის უფროსისგან არ მიუღია დავალება, რომ მიწის ნაკვეთები შეეძინა და შემდეგ მოგების მიღების მიზნით გაესხვისებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ 4 ივლისს, გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი არ დაუკავებიათ და ის ამ დრომდე თანამდებობაზეა.

4 ივლისს მომხდარი ფაქტის თვითმხილველების ინფორმაციით, ღამით, როდესაც პოლიციის უფროსის სამუშაო ოთახში გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობდნენ, შს გურჯაანის სამმართველოში კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი ბუბუნაური და მისი მოადგილე გიორგი კლიმიაშვილიც მივიდნენ, თუმცა გენინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

რაში ადანაშაულებდნენ კრაწაშვილს

გიორგი კრაწაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსად 2014 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ის არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში სამსახურებრივი გულგრილობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ნიშნების და მძიმე კრიმინალური ფაქტების გაზრდის გამო.

2015 წლის 2 თებერვალს, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაში იყო ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ. გაქცეული სამი დღის შემდეგ ბათუმში დააკავეს.

2015 წლის 2 აპრილს, გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის წევრის გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში შეიჭრნენ და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ოფისის დატოვება აიძულეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დამიზნებით წიწილებიან კვერცხებს ესროდნენ თავის და სახის არეში. გამგეობის შენობაში რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა შეჭრის დროს საჯარო მოსამსახურეების შეკავებაში მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური, გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი და სხვები მოვლენებს რამდენიმე მეტრიდან აკვირდებოდნენ.

2015 წლის აგვისტოში, გურჯაანში მცხოვრებმა ავთო ყოჩაშვილმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, განაცხადა, რომ პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი მას დაკავებით დაემუქრა, თუ ქალბატონს, რომელმაც პოლიციას მიმართა, 207 ლარს არ დაუბრუნებდა. ყოჩაშვილის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა პოლიციის უფროსმა დააშინა და ფული გადაახდევინა, საქმე კი არ აღიძრა.

2015 წლის 21 მაისს, გურჯაანის პოლიციაში, სოფელ ვეჯინში მცხოვრები 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ხელებზე ბორკილებდადებული სასტიკად ცემეს. ჭაბუკაძე ტვინის შერყევის დიაგნოზით და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. სტაციონარში ყოფნისას გამომძიებელმა დავით ყოჩიშვილმა მას მუქარის შედეგად მოაწერინა ხელი ჩვენებაზე, სადაც დაწერილი იყო, რომ თითქოს სახლში კიბეზე დაგორდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებები მაშინ მიიღო. როგორც ჭაბუკაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მას ახლო მომავალში იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ჭაბუკა ჭაბუკაძემ პროკურატურას დეტალური ჩვენება მისცა, პოლიციის თანამშრომლები ამხილა, მაგრამ გამოძიება ერთი წლის შემდეგაც არ არის დასრულებული.

2015 წლის 29 ოქტომბერს, გურჯაანის პოლიციის შენობაში 19 წლის ლადი ელიკაშვილი ცემეს. ახალგაზრდა ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ელიკაშვილს ტუჩზე ჭრილობაც ჰქონდა. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში ცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. „მას შემდეგ რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი. ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე არავინ დაუსჯიათ.

2016 წლის 11 მაისს, გვიან ღამით, გურჯაანში, ქალაქის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს ავტომატით შეიარაღებული 27 წლის ომარ ცისკარაშვილი დაესხა და პატრულ – ინსპექტორების მისამართით არაერთხელ გაისროლა, რის შემდეგაც მეგობრის კუთვნილ ავტომობილში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა დაცხრილულია. პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. 15 მაისს მასზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილი აჭარაში, სოფელ სარფში 6 ივლისს დააკავეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის ივნისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცეხლ ხაზზე – 112 შეტყობინება შევიდა ძალადობის შესახებ. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე მამაკაცი ქალს იარაღით ემუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მოძალადე გიორგი კრაწაშვილი იყო და დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ამ ფაქტის შესახებ შსს–ში კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი კრაწაშვილი პოლიციის უფროსად ყოფილი პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. კრაწაშვილის მამა ბეჟან კრაწაშვილი, რომელიც ამჟამად „ნიკორა – კახეთის“ იურისტია, კახეთის საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა, როცა თამაზ თამაზაშვილი რეგიონში პოლიციის უფროსი იყო.

banner
წინა სტატიაში(video) “კანონიერი ქურდი” ზახარი კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” დაკავების ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიაბოდიში “გადამიხდია” ბატონო ნარმანია!