პროკურორი – ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად, მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოსგან სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„პროკურატურის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ვწუხვართ ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს, ხ.ს-ს და გ.ს-ს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე, რაც მოიცავდა როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების კედლების მოშლას. 4-8 ოქტომბრის დროის შუალედში ზ.ბ-სთან შეთანხმებით და მის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაქირავებულმა პირებმა ხ.ს-მ და გ.ს-მ სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო და საინჟინრო უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით. მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა. გარდაიცვალა 9 პირი და აღნიშნულ მისამართზე უძრავი და მოძრავი ქონება განადგურდა. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვს სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. პროკურატურა დაზარალებულ პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დასაცავად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას მიმართავს და ექნება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მომენტშიც ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ. საქმის მოცულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა, ის, რომ ბრალდებულებმა, თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობელთა ჩვენებებით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, – განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

წინა სტატიაშიდღეიდან საქართველო დიდი ბრიტანეთის “წითელ სიაში” აღარაა
შემდეგი სტატიაჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამობრუნდა