პროკურატურამ, სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე უარი უთხრა – თამარ ლუკავა

თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა, მოტივის განმარტების გარეშე – ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა.

“არ არის განმარტებული მოტივი, რატომ ეთქვა უარი სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობაზე. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე და არა მარტო გამხმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც, რომელსაც გრიფი ადევს, სახალხო დამცველს ჰქონდა წვდომა. ჩვენს საქმეზე თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებული ითხოვდა, საქმის ყველა დეტალი გასაჯაროვებულიყო“,- აღნიშნა თამარ ლუკავამ.

ამასთან, ადვოკატი გეგმავს, თავად მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს, სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნონ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს გუშინ შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ამასთან, პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს გაეცნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს