“პროცესები დაძრულია”- თამარ სანიკიძე უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

tamar-sanikidze

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა.

მისი თქმით, საუბარი იყო რამდენიმე პრინციპზე, რომელზეც განათლების სამინისტრო ფიქრობს, რომ შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი, რათა შემდგომ უფრო სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„საუბარია იმაზე, რომ იქნება ეს თვითმმართველობა თუ სხვა სტუდენტური გაერთიანებები უნივერსიტეტების შიგნით, იყოს, ასე ვთქვათ, განცალკევებული სტუდენტების წარმომადგენლობებისგან. ეს არის ძირითადი პრინციპი, შესაბამისად, იყო საუბარი იმაზე, რომ მიგვეღო ის გადაწყვეტილებები და განგვეხორციელებინა ის ცვლილებები იმ პრინციპით, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, თუმცა თვითმმართველობის წარმომადგენლებს აქაც აქვთ შეკითხვები, ბოლომდე ამ პრინციპსაც არ ეთანხმებიან. დღეს, პრინციპში, ჩვენ დავსვით საკითხები, ალბათ ისინი იმსჯელებენ ამაზე და მოგვიანებით კიდევ შევიკრიბებით. ასევე ვფიქრობ, პრემიერიც მოიწვევს აღნიშნულ სტუდენტებს და გაესაუბრება, ისევე, როგორც სხვა სტუდენტებთან ჰქონდა შეხვედრა. პროცესები დაძრულია. მე არ მქონდა ილუზია და არც არავის უნდა ჰქონდეს, რომ პირველივე შეხვედრაზე თითოეულ საკითხზე შედგება კონსენსუსი და ასე ვივლით“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, სტუდენტურ თვითმმართველობებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება სტუდენტები და პროფესორები ჩაერთონ იმ რეფორმის პლატფორმაში, რომელსაც განათლების სამინისტრო გეგმავს. განათლების მინისტრის აზრით, ესეც შესაძლებელია და ამისთვის მზაობა არსებობს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო
შემდეგი სტატია“ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება”