პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება-მიზეზი, რის გამოც ,,ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ ეყოლება

ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები და გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და დავადასტურო, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, კალაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია.

„ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი. ეს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძლიერი ინსტიტუტი იყო. თუნდაც ავიღოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით. თუმცა, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციური მოწყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. მთავარია პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება – პრეზიდენტი წარმომადგენლობითია. ჩვენი კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამომცემლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება