პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების დეტალებში არ შევდივართ მიუხედავად იმისა, რომ მათი ნარატივი ხშირად ემთხვევა ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალების ნარატივს – ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჩვენ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების დეტალებში არ შევდივართ და მათ კომენტირებას არ ვაკეთებთ მიუხედავად იმის, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მათი განცხადებების ნარატივი ქვეყნის შიგნით არსებული დესტრუქციული ძალების ნარატივს ემთხვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, სპეკულირების საფუძველი მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს“.

ჩიქოვანის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსისთვის ემზადება, რეფორმებს ატარებს და ამ ვითარებაში ზელენსკის მხრიდან გაკეთებული განცხადება ადეკვატური არ არის.

„ეს ცხადია და ფაქტის კონსტანტაციაა. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ დებატში არ შევდივართ. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია უკრაინაში იყოს მშვიდობა, მან აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მთლიანად რეგიონში იყოს მშვიდობა. შეფასებები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან გაკეთდა იმ ვითარების ადეკვატური არ იყო, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაშია – ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება, უზარმაზარ რეფორმებს ატარებს და ზელენსკის განცხადება იმ ვითარების შესაბამისი არ იყო, რაც დღეს ქვეყანაშია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისემეკი – თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს
შემდეგი სტატიაუკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს – კაკაურიძე