პრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას – შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში პრემიერის ინიციატივით ახალი მასშტაბური პროექტის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის, პირველ რიგში, სკოლები, ბაღები, გზები, ხოლო სოფლის მეურნეობაში გულისხმობს ირიგაციისა და დრენაჟის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რისთვისაც მივმართავთ 200 მლნ ლარს. ჩვენ, ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს; ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 500 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ეს არის ძირითადი მაგისტრალური არხები, სათავე ნაგებობები. დღეს, კლიმატის ცვლილების ფონზე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ წყალუზრუნველყოფილი ფართობები და შეძლონ მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანა”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი, რადგან არსებობს დიდი რესურსი, რომ ათასობით ჰექტარი ფართობი, რომელიც დღეს არ გამოიყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთოს.

„აქვე აღვნიშნავ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, როცა ჩამონადენი მდინარეებზე შემცირებულია, ჩვენ, მსოფლიო ბანკის დახმარებით, 25 ლოკაციაზე ვახორციელებთ არსებული და ახალი წყალსაცავების მშენებლობის კვლევას. ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება და მოგვცემს სურათს. შედეგად, ჩვენ გვექნება ინფორმაცია თუ სადაა აუცილებელი და სად იქნება საჭირო ახალი წყალსაცავების მოწყობა, არსებული წყალსაცავების რეაბილიტაცია და მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ ფერმერების სტაბილური წყალმომარაგება შევძლოთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული პროექტები ბოლო წლებში განხორციელდა; აღდგა ფიროსმანის სატუმბი სადგური დედოფლისწყაროში, სამთაწყაროს სატუმბი სადგური ხურვალეთში. ბოლო 30 წლის განმავლობაში სადაც წყალი არ იყო და ვერ იყენებდნენ მიწებს მაღალი
ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, დაახლოებით, 150 ათასი ჰა ფართობი დღეს წყალუზრუნველყოფილია.

„ვფიქრობთ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, წყალუზრუნველყოფილი ფართობი გვქონდეს 200 ათასი ჰექტარის ოდენობით. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ძირითადი მაგისტრალური არხების, სათავე ნაგებობების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახლა გადავდივართ იმ ეტაპზე, რომ შიდა ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, შიდა ქსელები, რომლის საშუალებითაც ფერმერებს ექნებათ ნაკვეთებზე გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ეს არის შემდეგი ეტაპი, რომელიც დიდ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფერმერებს სტაბილურად ჰქონდეთ წყალი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

წინა სტატიაშითითქმის მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
შემდეგი სტატიამშვიდობის დამყარების საუკეთესო გზა უკრაინის გვერდით დგომაშია და არა ნეიტრალურად დარჩენაში – კულება