ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ მართული მერაბიშვილის ყალბი ანგარიში წაშალა

Facebook-მა წაშალა ყალბი ანგარიში, რომელიც ვანო მერაბიშვილის სახელით იყო შექმნილი და რომელსაც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში ერთ-ერთი იყო იმ ხუთასამდე ანგარიშიდან, რომლებიც მეორე დიდი წმენდის ფარგლებში საქართველოში წაიშალა. ამ ანგარიშებს კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო „ესპერსონა“ განაგებდნენ.

როგორც ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებმა დაადგინეს, ყოფილი პრემიერის სახელით შექმნილი ანგარიში საზოგადოებაში დაბნეულობისა და ნიჰილიზმის გაღვივებას უწყობდა ხელს – ვანო მერაბიშვილის სახელით სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მიიღებდა მონაწილეობას და მის მხარდამჭერებსაც არ უნდა ჰქონოდათ გამარჯვების იმედი.

„ხშირი იყო პოსტები იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი არ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რითაც არწმუნებდნენ მერაბიშვილის მხარდამჭერებს, რომ არ უნდა ეფიქრათ გამარჯვებაზე და, შესაბამისად, თავადაც არ ჩართულიყვნენ დემოკრატიულ პროცესებში ამომრჩევლის სახით. ამავდროულად, პროფილზე მიბმული იყო ტვიტერის ანგარიშის ბმული, რომელსაც მომხმარებელი ცარიელ, არარსებულ გვერდზე გადაჰყავდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ ეს Facebook-ის მიერ ჩატარებული მეორე დიდი წმენდაა ქართულ სოციალურ სივრცეში – წაიშალა რვაასამდე ანგარიში, რომლებსაც, Facebook-ის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო „ესპერსონა“ მართავდნენ. წაშლილია ყანდიაშვილისა და მისი ცოლის პირადი ანგარიშებიც.

სოციალური ქსელიდან წაიშალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიშიც.

banner
წინა სტატიაშიFacebook-მა ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში წაშალა, რომელსაც ყანდიაშვილი მართავდა
შემდეგი სტატიასუიციდის ფაქტი სენაკში