„პედაგოგთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, უკეთესის მოლოდინი არ იყო“

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სკოლის პედაგოგთა პროფესიული გამოცდების შედეგებს სახარბიელოდ არ მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მდგომარეობა სავალალო არ არის.

მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და აღნიშნა, რომ გამოცდების შედეგების ნამდვილი და სწორი ის სტატისტიკაა, რომელიც გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში არსებობს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, მასწავლებელთა ზუსტად რა რაოდენობამ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი.

„შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა, ამ ეტაპზე, უკეთესი მოლოდინი არ იყო, იქედან გამომდინარე, რომ წინა წლებიდან მოყოლებული, ეს პრობლემა არსებობდა. სახელმწიფომ სწორედ ამიტომ შეცვალა თავიდან ბოლომდე პედაგოგთა მომზადების სისტემა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტების ჩაბარების უფლება მასწავლებლებს კიდევ 3 წლის მანძილზე აქვთ და წელიწადში ორჯერ, გადამზადების კვალდაკვალ, ისინი შეძლებენ, რომ საგნობრივი ტესტი ჩააბარონ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაწვრილებით გავარკვიეთ შედეგები და საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმ მასწავლებლებისა, რომლებსაც ნახევარი, 1 ან 2 ქულა დააკლდათ. ისინი შემდეგ გამოცდაზე პოტენციური ჩამბარებლები არიან. შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს გამოსავალი უკვე მოძებნილი აქვს“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საგნობრივ გამოცდაში სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა.

banner
წინა სტატიაშისტიქია დუბაიში-არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ქარიშხალმა გადაუარა
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე – ბაჩო კიკაბიძეს “მაესტროს” სახელის გამოყენების უფლება არ აქვს