„ფარული კადრების“ საქმეზე ლაშა ბერულავა სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს

„ფარული კადრების“ საქმეზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს:

„პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ჩაწერა-გავრცელება ამაზრზენია და უკანონო, და ის შეიძლება შეგვეხოს ყველას. მაგრამ ასევე, ყველას თუ არა, ბევრს შეიძლება შეგვეხოს ისიც, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, სრულიად უდანაშაულონი, ბრალდებულის სკამზე აღმოვჩნდეთ,“ – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელმაც ე.წ. „ფარული კადრების“ საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა.

„არა, მხოლოდ მსმენია მათ შესახებ!” – ასე ვუპასუხე დღეს მოსამართლის შეკითხვას, ვიცნობდი თუ არა ბრალდებულებს, ვისი საქმის განხილვაზეც მოწმედ დამიბარეს. საქმე ეხება ყოფილ კუდ-ელებს, რომლებსაც ბრალდება პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფირების მოპოვებას (გადაღებას) ედავება. რა კავშირი ჰქონდა ჩემი და სხვა კოლეგების დაბარებას ამ ბრალდებულთა საქმის განხილვაზე, დღემდე ვერ ვხვდები, რადგან ჩვენ შემთხვევაში გავრცელება და გამვრცელებელი უფრო იყო საინტერესო,“ – აღნიშნავს ჟურნალისტი და იქვე განმარტავს, რომ სასამართლოს არ აინტერესებს, ვისზე რა გსმენია.

„ვიტყვი, რომ დიახ, მსმენია ერთერთ ბრალდებულზე, რომ 18 წელი იყო ჯარში; რომ 2004 წელს, ცხინვალში იყო დაკავებული იქ სპეცოპერაციის ჩატარების დროს; რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ უამრავ ბრძოლაში მონაწილეობდა; რომ მისი 11 წლის ვაჟს უნდა, მამის კვალს გაჰყვეს და როცა 14 წლის იქნება, კადეტი გახდეს; კიდევ ის მსმენია, რომ ამ ადამიანივით, უამრავი ადამიანი ზის/იჯდა ბრალდებულის საქმეზე მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიოტები იყვნენ და ვიღაცების წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს. კიდევ ის მსმენია, რომ კონკრეტულად ამ პროცესზე ბრალდების რამდენიმე მოწმემ თავდაპირველი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ისინი ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს,“ – აღნიშნავს ბერულავა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ამ ხელისუფლების პირობებში, სრულიად უდანაშაულონი, ბრალდებულის სკამზე უკვე ბევრნი არიან და ზოგს უკვე წლები მიუსაჯეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე და გამძლეობას ვუსურვებ, მათი ოჯახის წევრებს: მეუღლეებს, შვილებს, დედებს – გამძლეობას. ყველაფერი კარგად იქნება!“

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო მცხეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დარღვევას