პარტიის ლიდერს აქვს ვალდებულება, დაელოდოს გამოძიების შედეგებს – არასამთავრობოები ივანიშვილს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახარიას გადადგომა ქვეყნის ღალატი იქნებოდა.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ აქციის სისხლიან დარბევასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კითხვები არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებებს, ნაადრევს უწოდებენ. „ჰიუმან რაით ვოჩის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის, გიორგი გოგიას თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა შესაძლოა, გამოძიებაზე ზეგავლენა იქონიოს.

„ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის პარტიის ლიდერსაც, აქვს ვალდებულება, დაელოდოს გამოძიების შედეგებს. გამოძიების შედეგებს უსწრებს ის განცხადება, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლის ან პოლიტიკოსის მიერ კეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება, დადგეს, როგორც პოლიტიკური ლიდერის, ასევე შსს-ის თანამშრომლის, შესაბამისად, ნაადრევია ასეთი სახის განცხადების გაკეთება, კითხვა ძალიან ბევრია,“ – განაცხადა „ჰიუმან რაით ვოჩის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, გიორგი გოგიამ.

ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეც. სულხან სალაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ვინმეს, განსაკუთრებით კი შს მინისტრის გმირად გამოყვანა უადგილოა.

უადგილოა, 20-21 ივნისის მოვლენების ფონზე ვინმეზე გმირის კონტექსტში ვისაუბროთ სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან, უფრო გონივრული იქნება, ხელისუფლება უფრო გულისყურით ეკიდებოდეს იმ პოზიციას, რაც საზოგადოებას გააჩნია. ის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები არ აქვთ არც ევროპაში, არც ვაშინგტონში, ეს ერთი ნაწილია და აქვთ თუ არა, ეს კიდევ მეორე მსჯელობის საგანია, შეიძლება საჯაროდ და ღიად ამას არავინ არ ამბობს, თუმცა გარკვეული ტიპის კითხვები, დიდი ალბათობით, არსებობს,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიმდინარე მოვლენები და ივანიშვილის რუსული გავლენა – 13 ოპოზიციური პარტია მაიკ პომპეოს მიმართავს
შემდეგი სტატიაგადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ – სააკაშვილი ივანიშვილზე