პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს კითხვები კიბერუსაფრთხოებასთან, ოჯახში ძალადობასთან, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით ექნებათ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, ნაყოფიერად მუშაობს.

„ჩვენ მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს, რაც წარმოადგენს პარლამენტის წინაშე ანგარიშ-ვალდებულებას, რომ წარუდგინოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, მის უწყებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რა საკითხებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. ამიტომ ჩვენ ველით საკმაოდ საინტერესო განხილვას. იქნება შესაძლებლობა, რომ დეპუტატებმა დასვან შეკითხვები. შეკითხვები დაკავშირებული იქნება კიბერუსაფრთხოებასთან, ოჯახში ძალადობასთან, სქესობრივ დანაშაულთან, მათ შორის დანაშაულის სტატისტიკასთან და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად მუშაობს. სულ ახლახანს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ შეფასება, როგორც ძალიან წარმატებული უწყება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება საინტერესო დისკუსია. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ჯგუფები, რომელბმაც მიიღეს მანდატები, სრულად არ ითვისებენ მანდატს, რაც მათ გააჩნიათ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები. პარტია „მოქალაქეებისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების განცხადებით მათ ძალოვანი უწყების მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში საქართევლოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები 9 მარტს გაიმართება