პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, ოპოზიცია კი მაუწყებლის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს

მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად”ქართული ოცნება” დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ეს უკვე გიორგი მარგველაშვილის რიგით მე-11 ვეტო იქნება, რომელსაც პარლამენტი დაძლევს. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს, დამატებითი შემოსავლის მიღების კომერციული რეკლამიდანაც შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავალს დაკარგავენ, რაც მათ ფინანსური დარტყმის წინაშე დააყენებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის შევიწროებისთვის მიიღო.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ორგანო, დავალებას ასრულებს.

“პარლამენტს აქვს პირდაპირ დავალებული რომ ეს კანონი მიიღონ, ვინაიდან ეს კანონი პარლამენტში არ დაწერილა. ეს ძალიან სამწუხარო სურათია. ეს არის ძალიან შორს გამიზნული გადაწყვეტილება. ერთის მხრივ ზღუდავენ მედიასივრცეს, აკნინებენ ტელევიზიებსა და საერთოდ მთლიანად მედია სფეროს”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

ევროპულ საქართველოში იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებსაც ამ კანონის მიღება გამოიწვევს.

“ეს რა თქმა უნდა გააჩენს დამატებით პრობლემებს რიგი მედიისთვის, ეს არის ძირითადად ტელევიზიები. ამას ემატება კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლება მთელი რიგი რეგულაციებიდან, რომელიც უკავშირდება შესყიდვებს. ძალიან სამწუხაროა როდესაც ამ წამოწყებას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა,”-აცხადებს გიორგი ტუღუში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატია“პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი, ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ – მარიამ კუბლაშვილი