ეს პროტესტი არ არის ოპოზიციის პროტესტი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღეს სიგნალი გარედან, საკუთარი მფარველებისა და დამფინანსებლების მხრიდან, წამოიწყეს ეს პროტესტი, რომლის მიზანი ძალადობრივი სცენარის განვითარება და მაიდნის მსგავსი პროექტის განხორციელებაა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია, საკუთარი დამფინანსებლებისგან სიგნალის მიღებამდე იმასაც კი ამბობდა, რომ არჩევნებზე მივიდოდა და ამ გზით გასცემდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას პასუხს.
„ეს პროტესტი არ არის ოპოზიციის პროტესტი. როდესაც მოხდა ამ პროექტის ინიცირება, თქვენ გახსოვთ, როგორი იყო პირველი დღეები, განხილვები, რეაქციები ოპოზიციის მხრიდან, რაიმე დიდ პროტესტს ვერ ვხედავდით, მათ შორის, ამბობდნენ, რომ არჩევნებზე მივალთ და ამ კითხვასაც გაეცემოდა პასუხი არჩევნების გზით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღეს სიგნალი გარედან, საკუთარი მფარველებისა და დამფინანსებლების მხრიდან, წამოიწყეს ეს პროტესტი, რომლის მიზანსაც ვხედავთ რაც არის და სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამას ადასტურებს, რომ არის მიზანი ძალადობრივი სცენარის განვითარებისა და მაიდანის მსგავსი პროექტის განხორციელებისა საქართველოში. ამიტომაც, ოპოზიციისგან მოლოდინი, რომ ისინი რაიმეს შეაფასებენ საჯაროდ საღად, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გულში შეიძლება სხვა რამეს ფიქრობდნენ.
რატომ ხდება, რომ ერთი ქვეყანა მეორის მიყოლებით და მთლიანად ევროკავშირი ასეთ კანონმდებლობაზე მსჯელობს. საკითხი მარტივად არის – დღევანდელ სამყაროში სახელმწიფოები გავლენებს ავრცელებენ უფრო ჰიბრიდული მეთოდებით, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. დღეს საინფორმაციო ეპოქის პირობებში, არის ჰიბრიდული მეთოდები იმისთვის, რომ საკუთარი მიზნების და გავლენა გაავრცელონ სხვა სახელმწიფოზე. ზუსტად ამას ემსახურება ეს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოში, იმ პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს რთულ რეგიონში. რა თქმა უნდა, ბევრს აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ და სურს საქართველოს მოახვიოს საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნები და ამისთვის იყენებს ამ საშუალებებს, მათ შორის, ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ იმისთვის, რომ საკუთარი მიზნები განახორციელონ სხვა ქვეყანაში. საუბარი არაა რაიმეს აკრძალვაზე, არამედ ყველა ქვეყანაში საუბარია იმაზეა, რომ ეს იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.