პაატა კვიჟინაძე: ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური საკითხი, რამაც შეიძლება ლარის გაუფასურება გამოიწვიოს, არ არსებობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, აქციზის ფასის მატების შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შესაძლოა, იმპორტიორებმა საქონელი წინასწარ შეიძინეს, რამაც ლარზე ასახვა ჰპოვა.

მისი თქმით, ლარის გამყარების ან გაუფასურების რამდენიმე თემა არსებობს, რომელიც ვალუტის შემოსვლასა და გასვლაზე მუშაობს.

„მათ შორის ბალანსი ლარის გამყარებას ან გაუფასურებას იწვევს. კერძოდ, ძირითადად, აქ არის ექსპორტი და იმპორტი, არის გადმორიცხვები, არის ტურიზმი და ინვესტიციები, რომელიც ამ ყველაფერს აბალანსებს. ყველაზე ცუდი შედეგი 2015 წლის იანვარში იყო, როცა ექსპორტი 30%-ით შემცირდა და იმპორტი პრაქტიკულად არ შემცირდა; 25%-ით შემცირდა გადმორიცხვები, შემცირდა ტურიზმი. ამიტომ, ლარს ყველაზე ცუდი მდგომარეობა 2015 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა. ამის შემდეგ რაიმე რადიკალური არ მომხდარა. გაუმჯობესდა სიტუაცია, როცა იმპორტი შემცირდა და ბალანსი დაცულია“, – აცხადებს დეპუტატი.

კვიჟნაძის მოსაზრებით, ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური საკითხი, რამაც შეიძლება ლარის გაუფასურება გამოიწვიოს, არ არსებობს.

„ჩემი აზრით, მთავარი აქ ემოციური თემაა. არჩევნების წინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ქვეყანა დაიქცევა, წინა პრეზიდენტი ჩამოვა და ასე შემდეგ. აქციზებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რაღაც შიში გაუჩნდა ხალხს, რომ შეიძლება ფასმა მოიმატოს, იმპორტიორებმა ალბათ დაიწყეს წინასწარი შესყიდვა, რომ ამ აქციზებში არ მოყვნენ. წმინდა ემოციური თემაა, არავითარი ეკონომიკური საფუძველი ამას არ გააჩნია”, – განმარტა პაატა კვიჟინაძემ.

banner
წინა სტატიაშილარი თითქმის 3 თეთრით გამყარდა – ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
შემდეგი სტატია“ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის”