აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ.
„ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები იყოყმანებს, მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას სასიკვდილო საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და „წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის“ რისკს შექმნის. მინისტრის განმარტებით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ის რეაქციას.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობის მიუხედავად,”შესანიშნავი სამუშაო” შეასრულა და შეძლო, დაებრუნებინა რუსების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიის დაახლოებით 50%. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს მისთვის ბრძოლას, არამედ ითხოვს მხოლოდ საშუალებებს თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად.