დღეს დილიდან ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს “ქართული ოცნების” პირბადიანი პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდებს დაცვის თანხლებით მყოფმა ირაკლი კობახიძემ ავტომობილით ჩაუარა. ამ დროს მეორე კორპუსთან შეკრებილ სტუდენტებს მოულოდნელად “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ათობით წევრი მიუვარდა და ცემა დაუწყო.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. თუმცა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ცემის ფაქტები არ უნახავს.
“ვის ურტყამენ, ვის? მეორე მხარეს რატომ არ იღებთ? [ჟურნალისტი: ორივე მხარეს ვიღებთ]…აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიიღეს პასუხი. ვინ ცემა? [ჟურნალისტი: აქ ახლა ცემა არ გინახავთ?] არა არ მინახავს და არ ყოფილა…დავასრულე მე თქვენთან საუბარი,” – აცხადებს მემანიშვილი.