ოსებს ფაშისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

 ოსებს ფაშისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ოსები დიდი სასოებით და რუდუნებით შეუდგნენ მასალების შეგროვებას, რათა დაამტკიცონ, რომ 1920 წელს მათ ქართველებმა გენოციდი მოუწყვეს.

ისინი რუსეთის დუმისგან ითხოვენ, რომ მათი გენოციდის აღიარება მოხდეს. ქართველების გაშავების რეჟიმზე გადასული ოსები, ამ დღეებში ძალიან შავ დღეში ჩავარდნენ და დახმარებისთვის რუსეთის პროკურატურას მიმართეს.

ოსები ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ ისინი ფაშისტების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ უამრავი ოსი დააჯილდოვა, საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით. საბჭოთა კავშირში არცერთ ეროვნებას არ ჰყავდა პროცენტულად ამდენი გმირი, რამდენიც ოსებს.  გენერალ ისა პლიევს კი ორგზის საბჭოთა კავშირის წოდება მიანიჭეს.

 ისინი მეზობელ ინგუშებს და ჩეჩნებს ამის გამო ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ. ინგუშები და ჩეჩნები ხომ იმიტომ გაასახლეს, თავისი სახლ-კარიდან შუა აზიაში, რომ ფაშისტებთან კავშირში სდებდნენ ბრალს.

ახლა კი ირკვევა, რომ ოსები თურმე მშვენივრად თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან. ახლახანს გამოვიდა წიგნი სახელწოდებით „ოსები მესამე რაიხის სამსახურში“. ამ წიგნის გამოსვლამ ოსი ჩინოსნები ისე აღაშფოთა, როგორც მავანი ჩვენთან არის აღშფოთებული გეი-დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენების გამო.

აღნიშნული წიგნი 10.000 ტირაჟით გამოიცა და  ის 9 თავისგან შედგება. წიგნის ავტორის ზუსტი სახელი და გვარი ცნობილი არაა. ლორს დარიალსკი არის წიგნის ავტორის ფსევდონიმი. ვლადიკავკაზში ვარაუდობენ, რომ დარიალსკი ოსური წარმოშობისაა.

ამ წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ოსები მესამე რაიხის მხარეს. ავტორი ამის დასამტკიცებლად იყენებს, როგორც ოსების და სხვა კავკასიელების ნაამბობს, ასევე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებიდან ამოღებულ მასალებს.

ამ წიგნმა ოსებში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ისინი ყოველთვის ამაყობდნენ, რომ ფაშისტებს ებრძოდნენ. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ კი ბევრი რამე იცვლება. ვლადიკავკაზის სათათბიროს სხდომაზე 7 ნოემბერს საგანგებოდ მიმართეს რუსეთის მთავარ პროკურორს.

_”მივმართავთ რუსეთის ფედერაციის პროკურორ იური ჩაიკას, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გადაამოწმონ რამდენად შეეფერება ამ წიგნში მოყვანილი მასალები სიმართლეს, “-განაცხადა ვლადიკავკაზის სათათბიროს სხდომაზე დეპუტატმა სოსლან დიდაროვმა.

მისი აზრით, წიგნში გამოქვეყნებული მასალები სიმართლეს არ შეეფერება. ოსი დეპუტატები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არ დაიჯერონ ის, რაც ამ წიგნში წერია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია არ ფიქრობს,რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა თავად დატოვა
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდი” ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის