ოქრუაშვილის მტკიცებით, მან მიხეილ სააკაშვილისგან ვალერი გელაშვილის ცემის დავალება მიიღო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ვიდრე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი მოხდებოდა, შავნაბადას რეზიდენციაში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრას მაშინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, მან მიხეილ სააკაშვილისგან ვალერი გელაშვილის ცემის დავალება მიიღო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ სააკაშვილს გელაშვილთან პირადი ანგარიშსწორების მოტივი ჰქონდა.

ამასთან, დაკითხვაზე ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, სააკაშვილს გარკვეული დაჯგუფება ჰყავდა, რომელიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენდა და ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დაჯგუფების მეშვეობით სურდა ექს-პრეზიდენტს პირადი ანგარიშსწორება განეხორციელებინა.

ოქრუაშვილის თქმით, მან აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვა და სწორედ ზემოთხსენებული შეხვედრების შემდეგ მოხდა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტიც.

ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ეს დავალება მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა შეასრულა, რადგან მისივე თქმით, მერაბიშვილი სააკაშვილს ამ მოსაზრებაში ეთანხმებოდა.

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილს 2005 წელს გაუსწორდნენ ფიზიკურად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 33ე მუხლით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტამდე შეამცირა