ოფიციალურად – ვინ არ შედის პარლამენტში

საერთო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იმ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, უკვე ოფიციალურად დაიწყეს სიის გაუქმებასა და მანდატების შეწყვეტაზე მუშაობა.

პროცედურულად პარტიები ჯერ ცესკოს მიმართავენ, რათა პარტიული სია გააუქმონ, შემდეგ კი პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართავენ ის დეპუტატები, რომლებმაც უკვე მიიღეს მანდატები და უარს იტყვიან მათზე. დღეს ცესკოში განცხადებას შეიტანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტული პარტია.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ტაბულა დაუკავშირდა პუტინისტურ პატრიოტთა ალიანსს კითხვით, ვინაიდან არიან ბოიკოტის რეჟიმში, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად იტყვიან თუ არა დღეს მანდატებზე უარს, რაზეც გოჩა თევდორაძემ გვიპასუხა, რომ მათი პარტიული სიის 132-ვე წევრს უკვე დიდი ხანია, დაწერილი აქვს განცხადება მანდატების შეწყვეტის შესახებ.

კითხვით მივმართეთ გირჩსაც. პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ტაბულას უთხრა, რომ პარტია ამ ეტაპზე არ აპირებს მანდატებზე უარის თქმას ან სიის გაუქმებას, თუმცა, გადაჭრით თქვა, რომ პარლამენტში არ შევა იმ შემთხვევაში, თუ იქ 113 დეპუტატი არ მოგროვდება.

ფაქტია, რომ თუკი ყველა ის პარტია, რომელმაც დადასტურებულად თქვა, რომ მიღებულ მანდატებს გააუქმებს, მართლაც ასე მოიქცევა, პარლამენტში 113 დეპუტატი ფიზიკურად ვერ მოხვდება.

რაც შეეხება ელეკო ელისაშვილის მოქალაქეების ორ მანდატს, ამ ეტაპზე ისიც თავს იკავებს განცხადების დაწერისგან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსის მიღწევის იმედს იტოვებს.

მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარს არ იტყვის არც რესპუბლიკური პარტია, რომელთაც ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი მიიღეს.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია
შემდეგი სტატიაგორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება