„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, „ომეგა 2″-ის დირექტორი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, ,,ომეგა 2″-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე გამოიკითხა. ქურდაძემ მედიასთან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დაკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, „ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიების დირექტორების გამოკითხვებისას მოწმეებმა დააფიქსირეს კონკრეტული ინფორმაცია.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიკითხნენ „ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიების: „ოჯითის”, „ომეგა 2″-ისა და “ომეგა მოტორსის” დირექტორები. აღნიშნულ მოწმეებს დაესვათ ყველა ის კითხვა, რომელიც გამოძიებისათვის საინტერესო იყო, დაკავშირებული იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. აღნიშნულ კითხვებზე მივიღეთ პასუხი და შესაბამისად მოხდება მათი ანალიზი და შეფასება. რაც შეეხება ჩვენების შინაარსს, ვინაიდან ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგცემთ”, – განაცხადა პროკურორმა ოსაძემ.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, ჩვენებების შემდეგ პროკურატურას არ აქვს უფლება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენოს.

მისივე განმარტებით, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების სამივე დირექტორმა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ამომწურავად მიაწოდეს.

„მათი ინფორმაცია არის საკმაოდ მრავალფეროვანი. მათ არა ერთი და ორი ფაქტი დააფიქსირეს ბოლო წლების განმავლობაში, თუ რა უკანონო მოქმედებები ხდებოდა „ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანიის წინააღმდეგ. მათ მოიყვანეს კონკრეტული ფაქტები თუ სად, როდის, რა ვითარებაში, ვისთან, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ამ ფაქტების განმახორციელებელი პირები არ იყვნენ ერთი-ორი. ამ ჩვენებების შემდეგ პროკურატურას არ აქვს უფლება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენოს. მით უფრო, არ აქვს სამართლებრივი უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხები დაიწყონ და დაამთავრონ ლევან ყიფიანით. ლევან ყიფიანის უკან იყო კონკრეტული პირები, ჯგუფები, რომლითაც ლევან ყიფიანი მოქმედებდა. ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება”, – განაცხადა ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაში50 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები ჰაკერების ხელში – Facebook-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიახმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება