ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა:
“მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და სამწუხაროდ, გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადებები და მინდა, რომ დაამთავროთ მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან,”- განაცხდა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიათვითმკვლელობის ვერსია საეჭვოა – გლდანის ციხეში ნაპოვნი ყელგამოჭრილი პატიმრის ადვოკატი და ოჯახი გამოძიებას ითხოვენ