ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, პატრულის ყოფილ თანამშრომლებს დღეს ბრალს წაუყენებენ

პატრულის ყოფილ თანამშრომლებს დღეს პროკურატურა ბრალს წაუყენებს, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს პატრულის ყოფილ თანამშრომელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა ნიკა ალიხანაშვილმა განცხადა, 2015 წლის იანვარში მთაწმინდა-ოქროყანის გზის გასაყარზე მან და მისმა მეწყვილემ არჩილ დავითულიანმა გააჩერეს მანქანა, რომელში მსხდომმა პირებმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ემუქრებოდნენ.

ალიხანაშვილის ინფორმაციით, მანქანაში იმყოფებოდნენ ადვოკატი იმედა წიკლაური, მისი ძმა გიორგი წიკლაური და ადვოკატი ავალიანი.

ალიხანაშვილის თქმით, მათ ერთი თვის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს, დღეს კი პროკურატურა ბრალს წაუყენებს.

”ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფირებზე ჩანს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, შეურაცხყოფას აყენებენ პატრულის თანამშრომლებს, ემუქრებიან მათ შემდგომი ანგარიშსწორებით. ამის შემდეგ სამმართველოს ხელმძღვანელობამ დაიბარა ორი პოლიციელი, ნიკა ალიხანაშვილი და არჩილ დავითულიანი და უთხრა – პირდაპირი მოთხოვნა არის, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერონ, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, თავს დაიღუპავენ”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებმა მუქარის ქვეშ დაწერეს განცხადება, თუმცა ჩაიწერეს საუბარი და გაასაჯაროეს. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს პატრულის ყოფილ თანამშრომლებს პროკურატურაში იბარებენ.

”პროკურატურამ სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყვიტა მათი დასჯა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, პატრული თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და მაინც პატრულის თანამშრომლები ისჯებიან.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაა, შეწყდეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შეურაცხყოფა, დაკნინება და პატრულის თანამშრომლების დემორალიზაცია”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძეს მინისტრის პოსტის დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს