ნიკოლოზ ვაშაკიძე: „ექვსეულის პლატფორმა” რეგიონიდან დასავლეთის განსადევნად არის გათვლილი

ვაშაკიძე

„თაიმერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე  ზურაბიშვილი  „ექვსეულის პლატფორმასთან“ დაკავშირებით დახურულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

2020 წლის 21 დეკემბერს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი  “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში.

ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.

გასულ წელს, საზეიმო აღლუმს, რომლითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის შედეგები აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო. სწორედ ბაქოში ვიზიტისას, 10 დეკემბერს ერდოღანმა განაცხადა, რომ ხედავს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს „ექვსეულის პლატფორმა“, რამდენად რეალურია ამ ფორმატის შექმნა და რა როლი აქვს დასავლეთის ჩართულობას, – ამ თემაზე „თაიმერი“ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:

„თაიმერის“ ინფორმაციით „ექვსეულის პლატფორმასთან“ დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იღებს  მონაწილეობს, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული საქართველოს მონაწილეობა ამ პლატფორმის ფორმატში?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს ფორმატი გულისხმობს რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობას თურქეთის, ირანის და რუსეთის ჩათვლით, კავკასიის გეოპოლიტიკურ მოწყობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს ფორმატი საქართველოსთვის არ არის მომგებიანი, რადგან თუ დავაკვირდებით ამ მონაწილე ქვეყნებს, ერთმანეთთან სხვადასხვა ისეთი ალიანსი აკავშირებთ, რომლებშიც საქართველო არ მონაწილეობს და ის ამ ფორმატში, შეიძლება, ყველაზე სუსტი პოზიციის მქონეც იყოს, რაც დაასუსტებს ქვეყნის მდგომარეობას და წამგებიან მოცემულობაში დააყენებს. „ექვსეულის პლატფორმა“ გათვლილი რეგიონიდან დასავლეთის განსადევნად, ასევე, მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის როლის შეზღუდვისკენ, რეგიონის უსაფრთხოების თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში მონაწილეობის თვალსაზრისით. თუნდაც აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი ჩვენთვის წამგებიანია. საქართველოს არ აქვს ისეთი პოლიტიკური რესურსი, რომ ასეთ ფორმატში დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ინტერესები. შესაბამისად, ჩვენთვის ასეთი ფორმატის არსებობა და მასში მონაწილეობა არ არის სასიკეთო.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ ფორმატის მიზანია რეგიონიდან დასალეთის განდევნა. შარშან, როცა პრეზიდენტ ზურაბიშვილმა „ექვსეულის პლატფორმის“ შესახებ განცხადება გააკეთა, მას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ დაწერა „მშვიდობის აღდგენა“ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ. რა გზავნილები იქნება დასავლეთიდან თუ მართლაც დადასტურდა საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში?

ვფიქრობ, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი მისი სახელმწიფოები და ფორმატები, შეეცდებიან საქართველოს დარწმუნებას, იმ კუთხით, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავი შეიკავოს ამ ფორმატში მონაწილეობისგან. საქართველოსთვის არც თუ ისე ადვილი იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ფორმატის ფორმირებას. აუცილებელია ამ ფორმატის საპირწონედ რეგიონში დასავლური პროექტები და ალტერნატივები უფრო მკაფიოდ და ძლიერად არსებობდეს.

რამდენად რეალურია ის, რომ „ექვსეულის  ფორმატში“ ერთ-ერთი საქართველო იქნება?

უნდა გაირკვეს, რამდენად რეალურად არსებობს და აქტიურად მიდის ეს მოლაპარაკებები. მე ამ მომენტში მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ მიმართულებით აქტიურები იქნებიან, წესით ეს ფორმატი არ უნდა შედგეს. თუმცა ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლების წყარო მომდინარეობს არაფორმალური მმართთველისა და მართვისგან, რომელიც თავისი წარსულითა და კავშირებით მოსკოვთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება, გადამწყვეტ მომენტებში ხდება იქ, სადაც საქართველოს ობიექტური ინტერესები ნაკლებად იქნება გათვალისწინებული. ეს არის ჩვენი მთავარი საფრთხე. აქედან გამომდინარეობს, ჩვენთან დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაა, რათა ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ სახელმწიფოს სათავეში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენთან დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაა. რა როლს ითამაშებს ამ კონტექსტში რიგგარეშე არჩევნები?

რიგგარეშე არჩევნებში ვხედავ გამოსავალს იმ შემთხვევაში თუ პროგრესული და პროდასავლური ოპოზიცია შეძლებს რეალურ კონსოლიდაციასა და მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ სრულ მზადყოფნას. აქ სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა საქართველოს პოლიტკაში არსებულმა ნორმალურმა, პროდასავლურმა ვექტორმა უფრო მკაფიო და დამაჯარებელი ფორმები შეიძინოს პოლიტიკური ალტერნატივის სახით. ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკურ კონტექსტში არჩევნებს ვგულისხმობ.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიმელია: ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაკეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ