ნებისმიერს აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მით უმეტეს, ადამიანს, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ სიტუაციის ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მეგობრები ვართ და საუბარი გვექნება, თუმცა, იმის გამო, რომ ექვს წელიწად-ნახევარი პოლიტპატიმარი იყო და გამოკეტილი იყო ციხეში, მას, ბუნებრივია, სჭირდება სიტუაციის დანახვა და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, რა პოზიცია ექნებათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო უკანონო პატიმრობა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მით უმეტეს, ადამიანს, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ პარტიაში გაწევრიანების შეთავაზება ვანო მერაბიშვილის მიმართ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ განცხადება თავად მერაბიშვილმა უნდა გააკეთოს.

„პირველ რიგში, მან უნდა გააკეთოს განაცხადი და ამის შემდეგ შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ კომენტარები“, – დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე : ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : 7-წლიანი სასჯელი მოიხადა იმისთვის, რომ ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა