“მუშა დოკუმენტია” – დარჩიაშვილმა განმარტა, რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა EU-სთვის გაგზავნილ პასუხებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ევროკავშირისთვის შევსებულ კითხვარს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ დოკუმენტი ჯერჯერობით მუშა პროცესშია და საბოლოო სახე არ აქვს.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ განხორციელებული რეფორმები საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

“არცერთ ქვეყანას, ჩვენ მათ შორის, არ გვქონდა ვალდებულება კითხვარის გასაჯაროების, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ, პრემიერმინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, და გახდა შესაძლებელი ყველა მსურველს ენახა კითხვარის შემადგენლობა, რაც შეეხება პასუხებს, აქ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც არ მოხერხდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება. პირველ რიგში, ჩვენ გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მუშა დოკუმენტი, ჩვენ პროცესში ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან, არის მაღალი ალბათობა, რომ სამუშაო პროცესში გამოიკვეთოს ზოგიერთ პასუხთან მიმართებაში სხვადასხვა პოზიციები, რომელიც შეიძლება დაკორექტირდეს ან არ დაკორექტირდეს, ეს სამუშაო პროცესია, შესაბამისად დოკუმენტს რომელსაც ჯერ არ აქვს საბოლოო სახე მიღებული, ჩვენ ამას ერთი მხრივ ვერ გავასაჯაროებდით, თუმცა მოვა დრო, როცა ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება. მეორეს მხრივ, ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კითხვარის შევსება იყო პირდაპირი კომპეტენცია საქართველოს მთავრობის”, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ერთი თვის განმავლობაში შექმნა ეს დოკუმენტი და ამ პროცესში ინკლუზიურობა “ფიზიკურად შეუძლებელი” იყო. მისივე თქმით, საქართველოს ამ საკითხზე “ფართო განხილვების დრო არ ჰქონდა”.

გარდა ამისა, დარჩიაშვილმა თქვა, რომ ინტერპელაციის წესს პატივს სცემს და თემებზე, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო, კითხვებს არ უპასუხებს, მათ შორის ახსენა დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვები. მინისტრმა აღნიშნა, რომ მზადაა, პარლამენტში ამ თემებზე სასაუბროდ ისევ მივიდეს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი