ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი

ომის დაწყებიდან, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის, – , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერის თქმით, მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი;

„ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით; უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის უფასოა მუნიციპალური ტრანსპორტით, მუზეუმებით, გალერეებით და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებით სარგებლობა.

„მთავრობის გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მობილიზებულია კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი უპრეცედენტო სოლიდარობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“მუშა დოკუმენტია” – დარჩიაშვილმა განმარტა, რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა EU-სთვის გაგზავნილ პასუხებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში