მთავრობის დადგენილებით, სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს „ტელესკოლის“ დისტანციური ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით

admin
ავტ.: admin მარტი 31, 2020 18:35

მთავრობის დადგენილებით, სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს „ტელესკოლის“ დისტანციური ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით

მასწავლებელი ვალდებული იქნება, მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებები სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებითაც მისცეს.

საუბარია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205-ე დადგენილებაზე, რითაც განსაზღვრულია სასწავლო პროცესი წარმართვის მეთოდი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

დადგენილების მიხედვით, თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია.

„მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან. სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დადგენილებაში საუბარია იმაზე, რომ სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

admin
ავტ.: admin მარტი 31, 2020 18:35

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics