მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2018 12:24

მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.

„სამუშაო შეხვედრა გაიმართა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია – სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ,დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებში გარკვეული ფუნქციების დელეგირება ძალიან საინტერესოა პროცესია, ამჯერად საუბარია სკოლების მოვლა-პატრონობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე. შეხვედრები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ გვექნება ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით“ – განაცხადა ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2018 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics