მორიგი შეხვედრა ერგნეთში – ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ მექანიზმს მთავრობა ეფექტურად ვერ იყენებს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი დღეს ერგნეთში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენიმე რეკომენდაციას უგზავნის. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ამ მექანიზმს მთავრობა ვერ იყენებს ისე,რომ ამ შეხვედრებს შედეგი მოჰყვეს.

„ცხადია გარკვეული საუბარი ამ საკითხებზე იქნება, თუმცა მთავარი მიზეზი მთელი ამ პრობლემების არის ზოგადად ის პოლიტიკა რომელიც წარმოებს ოკუპაციასთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების მხრიდან, გარდა ამისა, საერთაშორისო წნეხის მოსუსტება, ვინაიდან რუსეთი ამაში არანაირ პოლიტიკურ ფასს არ იხდის,“-აცხადებს “ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და ეს ფორმატი მაქსიმალურად იყოს ამ მიზნისთვის გამოყენებული.

„აშენდა სათვალთვალო კოშკი, რაც არის ბორდერიზაციის პროცესი და რა თქმა უნდა, ერგნეთში შეხვედრებზე, სადაც მსგავსი საკითხები უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი უნდა

უნდა დასვას ქართულმა მხარემ, თუმცა მე ვფიქრობ,რომ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ზეწოლის გარეშე რუსეთზე, ერგნეთის შეხვედრებზე მსგავსი საკითხები ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკასთან რუსეთის მხრიდან,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ერგნეთის შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ ე.წ საზღვრის გავლება იქნება, რომლის შეჩერებასაც ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს მოსთხოვს.

„ის, რაც ხურვალეთში ხდება არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ხდება ზეწოლა და ხელოვნური ბარიერების გაძლიერება, ეს ხდება იმის ფონზე როდესაც ინტერაქცია და ურთიერთკავშირი დანარჩენ საქართველოსთან სულ უფრო ძლიერდება. ცხადია ამ ყველაფერში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა მათი ინფორმირება არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მარტო ამ გამოწვევას ვერ გავუმკლავდებით. საერთაშორისო საზოგადოება არის ინფორმირებული და მათ შორის ერგნეთში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება ეს,“- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ბესელიას ინიციატივას ეთანხმებიან
შემდეგი სტატია„ხელს ისე მოგკიდებ, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს” – თალაკვაძე მელიას