მმართველ გუნდს მინისტრთან კომუნიკაციის ბევრად ფართო საშუალება აქვს, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას, გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ანგარიშებში ასეთ სისულელეს აღარ ჩაწერენ – კობახიძე

მმართველ გუნდს მინისტრთან კომუნიკაციის ბევრად ფართო საშუალება აქვს, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას. გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ანგარიშებში ასეთ სისულელეს აღარ ჩაწერენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ანგარიშის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, „მინისტრის საათის“ დროს უმრავლესობიდან ნაკლებად ისმის კრიტიკული კითხვები და ისინი მადლიერებას გამოხატავენ ანგარიშვალდებული მინისტრის მიმართ.

კობახიძის შეფასებით, მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, როცა საუბარია საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრებზე.

„კომპეტენციის ნაკლებობა იმდენად დიდი პრობლემაა ენჯეოსექტორში, რომ ასეთი რაღაცები აღარ გვიკვირს. მინისტრი არის მმართველო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლიდერი. რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს აქვს მინისტრთან კომუნიკაციის ბევრად ფართო საშუალება, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას. ავიღოთ ნებისმიერი ქვეყნის პრაქტიკა, ლოგიკურია, რომ საპარლამენტო ფორმატში მეტი კითხვა ისმება ოპოზიციის მხრიდან და არა უმრავლესობის. ელემენტარულად, გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და საკუთარ ანგარიშებში ასეთ სისულელეს აღარ ჩაწერენ ან შეიძლება, ამ დონეზე არაკომპეტენტური ხალხი მუშაობდეს ყველაზე მდიდარ „ენჯეოებში“. ჩვეულებრივი ამბავია, რომ შენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი მოდის პარლამენტში და კითხვები ისმება. კითხვები უამრავია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს დეპუტატებს. მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, როცა საუბარია საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრებზე. ოპოზიციამ ხანდახან მაინც რომ გამოხატოს მადლიერება ისეთ თემებზე, სადაც შეიძლება, არავითარი კითხვის ნიშანი არ იყოს, ესეც კარგი იქნებოდა. ყველა ქვეყანაში ხდება, როცა შენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი მოდის და მას მადლობას უხდი. ელემენტარული უცოდინარობის ამბავია. წარმოიდგინეთ, ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“ არ ჰყავთ კომპეტენტური კადრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიისკო დასენი – არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს არანაირი ურთიერთობა არასდროს გვქონია „ქოლცენტრებთან“, ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება
შემდეგი სტატიაალუდა ღუდუშაური: სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა და ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ