მიხეილ სარჯველაძე : სამი არასამთავრობოს ბრალდებას რეალური დასაყრდენი არ აქვს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე გამორიცხავს, რომ სამი არასამთავრობოს მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას რამე საყრდენი ჰქონდეს.

„განცხადებები, რომელიც გუშინ გაკეთდა, ბრალი დაედო ცალკეულ პირებს, რომ ადგილი აქვს დოკუმენტების გაყალბებას, აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეეფერება სინამდვილეს. რაც შეეხება ამაზე ჭეშმარიტების დადგენას, სიმართლე გითხრათ, ალბათ ამის საუკეთესო ფორმა და გზა არის ის, რომ დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომელი ფაქტების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი.

ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება არ არის სწორი. კონკრეტულად, როდესაც ითქმება, რაშია პრობლემა, რამ გამოიწვია, ვინ რაში ხედავს ამ ბრალს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, უფრო კონკრეტულად პასუხის გაცემა. არ შეიძლება, არსებობდეს შანსი იმისა, რომ რეალური დასაყრდენი ჰქონდეს ამ ბრალდებებს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

მან კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარების ფაქტზეც.

„ნებისმიერ დასმულ კითხვასთან მიმართებაში გვექნება ამომწურავი, ზუსტი და საზოგადოების ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბუნდოვანებისა და ბრალდების გამქარწყლებელი არგუმენტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უწყების თანამშრომლების მივლინებები წალენჯიხასა და გარდაბანში უკავშირდება თუ არა პირადობის მოწმობების გაყალბების ბრალდებას.

„მივლინებას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ახსნა, მით უმეტეს, ისეთ დიდ დაწესებულებაში, როგორიც არის სერვისების განვითარების სააგენტო. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ ფაქტს შეუძლებელია ჰქონდეს იმ ბრალდებასთან რაიმე კავშირი, რაზეც იყო საუბარი, რადგანაც საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში, რომელზეც იყო საუბარი, საერთოდ არ არის განთავსებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე. საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიავანში სახლის კედლის ჩამოშლას მამაკაცი ემსხვერპლა